მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ისურვემ" 182 მომხმარებელს დარღვეული უფლებები სრულად აღუდგინა - GCCA

GCCA

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ განხორციელებული სამართლებრივი რეაგირებისა და დაკისრებული ფინანსური სანქციის შედეგად, შპს „ისურვემ“ 182 მომხმარებელს დარღვეული უფლებები სრულად აღუდგინა.

ამის შესახებ სააგენტო იტყობინება.

მათი ცნობით, სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის შედეგად, მიმდინარე წლის 24 აპრილს შპს „ისურვეს“ დაუდასტურდა უსამართლო კომერციული საქმიანობისა და „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი. აღნიშნულის საფუძველზე, მოვაჭრეს დაევალა კანონდარღვევის აღმოფხვრა და მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა.

"ვინაიდან მოვაჭრემ დაკისრებული ვალდებულებები დადგენილ ვადაში არ შეასრულა, სააგენტომ მის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქცია გამოიყენა და 115 396 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

2026 წლის 19 ივნისს შპს „ისურვეს“ ხელმეორედ დაუდასტურდა კანონდარღვევის ფაქტი, რის საფუძველზეც მოვაჭრეს კვლავ დაევალა სავაჭრო პოლიტიკის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა.

კანონის თანახმად, მოვაჭრის მიერ დარღვევის 12 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მას უკვე დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობის სანქცია ეკისრება. შესაბამისად, ვალდებულებების კვლავ შეუსრულებლობისა და დარღვევის გაგრძელების შემთხვევაში, შპს „ისურვეს“ გაორმაგებული ფინანსური სანქციის დაკისრება ემუქრებოდა.

მოვაჭრის მიერ ვალდებულებების შესრულება გულისხმობდა მომხმარებლებისთვის თანხის დაბრუნებასა და შეძენილი ამანათების ჩაბარებას. სააგენტომ თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალური კომუნიკაციის საფუძველზე გადაამოწმა და დაადასტურა, რომ მოვაჭრემ მათი დარღვეული უფლებები აღადგინა.

შესაბამისად, შპს „ისურვეს“ მიერ სააგენტოს გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულებები სრულად შესრულდა", - იტყობინება GCCA.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები