მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IT ბიზნესების 20%, რომელსაც საქართველოში ვირტუალური ზონის სტატუსი აქვს, უკრაინიდანაა - ასოციაცია

აიტი კომპანია

ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში ვირტუალური ზონის სტატუსთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნიდან ინტერესის მნიშვნელოვანი ზრდა შეიმჩნევა, განსაკუთრებით IT სექტორთან დაკავშირებული ბიზნესებიდან. ეს ინტერესი გამოიხატება იმ ქვეყნების მრავალფეროვნებაში, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, საქართველოში დაარეგისტრირონ კომპანიები ან გადმოიტანონ თავიანთი ბიზნესი.

ასოციაციის 2023 წლის ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოში ვირტუალური ზონის სტატუსით დაინტერესებული ქვეყნების ჩამონათვალში პროცენტული განაწილებით სათავეში უკრაინაა, სადაც 312 კომპანიის წილი 20%-ია. უკრაინას მოჰყვება რუსეთი, რომელიც წარმოადგენს 19%-ს, რაც 290 კომპანიას შეადგენს. მესამე ადგილზეა გერმანია 179 კომპანიით, როგორც ყველაზე დაინტერესებული დასავლეთ ევროპული ქვეყანა, რომელიც 12%-ს შეადგენს.

საქართველოში ვირტუალური ზონის სტატუსით დაინტერესებული ქვეყნების ჩამონათვალს პროცენტული განაწილებით:

  1. უკრაინა 20%
  2. რუსეთი 19%
  3. გერმანია 12%
  4. ბელარუსი 5%

სხვა ქვეყნები:

  • ისრაელი 4%
  • საქართველო 3%
  • გაერთიანებული სამეფო 3%
  • იტალია 2%
  • ლატვია 2%
  • აშშ 2%
  • საფრანგეთი 2%
  • პოლონეთი 1%
  • ავსტრალია 1%
  • აზერბაიჯანი 1%
  • დანია 1%
  • შვედეთი 1%
  • სხვა ქვეყნები: სხვადასხვა ქვეყნები, საერთო ჯამში 302 კომპანიით, შეადგენს 20%-ს.

ასოციაცია აღნიშნავს, რომ უკრაინიდან, რუსეთიდან და ბელორუსიიდან ინტერესი დიდწილად განპირობებული იყო რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენებით.

„არსებულმა გარემოებებმა ბევრი IT სპეციალისტი აიძულა მოეძიათ სტაბილური და ხელსაყრელი გარემო საქართველოში თავიანთი საქმიანობისთვის. ამ ნაკადმა გააძლიერა საქართველოს რეპუტაცია, როგორც რეგიონში მზარდი IT ჰაბი“, - აცხადებენ ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციაში.

ვირტუალური ზონის პირის სტატუსი შეუძლიათ მიიღონ კომპანიებმა, რომლებიც საქართველოდან უცხოელი მომხმარებლებისთვის ახორციელებენ გარკვეული ტიპის IT სერვისებს. სტატუსის მიღების შემდეგ ეს კომპანიები „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ კანონის თანახმად სარგებლობენ საგადასახადო შეღავათებით. კერძოდ, გათავისუფლებული არიან კორპორაციული საშემოსავლო გადასახადისგან. წმინდა მოგების განაწილების დროს ამ სტატუსის მქონე კომპანიებს აქვთ მხოლოდ დივიდენდის 5%-იანი გადასახადის გადახდის ვალდებულება.

საგადასახადო შეღავათები იყო მთავარი სტიმული, რომ საქართველოში არაერთი უცხოური IT კომპანია შემოვიდა. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში ამ სტატუსის მქონე 1275 კომპანიაა რეგისტრირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები