IT სექტორის შემოსავლები 2023 წელს 2.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც წლიურად 43.8%-იან ზრდას ნიშნავს. Galt & Taggart-ის IT-ინდუსტრიის მიმოხილვის მიხედვით, სექტორის შემოსაველბის 85% ანუ 2.1 მილიარდი ლარი სერვისის ექსპორტით დაგენერირდა.
მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ გასულ წელს ექსპორტის ყველაზე დიდი ნაწილი 26% აშშ-ში განხორციელდა, შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი 15%-ით და მალტა 11%-ით.
„IT სექტორის შემოსავლები მზარდია 2021 წლიდან, რაც საგადასახადო შეღავათებსა და რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ IT კომპანიების რელოკაციას უკავშირდება“, - განმარტავენ მიმოხილვის ავტორები.
გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებული IT სერვისების ღირებულება 38.1%-ით გაიზარდა და ჯამში 2.1 მლრდ ლარი შეადგინა. ეს ზრდაც ავტორების განმარტებით, „საერთაშორისო IT კომპანიების/სპეციალისტების საქართველოში შემოსვლითაა განპირობებული“.
უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელთან შედარებით ინდუსტრია მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. კონკრეტულად კი IT სექტორის ბრუნვა 2017-23 წლებში 14.3-ჯერ გაიზარდა და 2023 წელს 2.4 მილიარდ ლარს მიაღწია.
ამ პერიოდის განმავლობაში, სექტორი მიმზიდველი დამსაქმებელი გახდა და 2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობამ 30.2 ათასი ადამიანი შეადგინა, ეს მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით 11.2-ჯერაა გაზრდილი. აქედან Galt & Taggart-ის შეფასებით, 70-75% უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
მიმოხილვის ავტორები იმასაც აღნიშნავენ, რომ სექტორის პოპულარობა კონკურენტულ და მზარდ ანაზღაურებას უკავშირდება. კერძოდ კი 2023 წელს ინდუსტრიაში საშუალო ანაზღაურება 6 940 ლარი იყო, რაც 2017 წელს დარგში არსებულ საშუალო ანაზღაურებას 1 957 ლარს 3.5-ჯერ აღემატება.