მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IT სექტორი ერთიანია პატიმრების გათავისუფლების და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნაში - თოხაძე

თოხაძე

საქართველოს ინფორმაციულ - ტექნოლოგიური ასოციაციის თავმჯდომარე თორნიკე თოხაძე ამბობს, რომ თუ ქვეყანაში კრიზისი არ დასრულდება ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანთა დიდ ნაწილს ქვეყნის დატოვება მოუწევს.

BMGTV-ის ეთერში მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მათი მოთხოვნაა, ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლება.

"მოცემულ სიტუაციაში IT სექტორი არის ერთიანი იმ ორი ძირითადი მოთხოვნის მიმართ: დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პატიმრები და ახალი არჩევნები დაინიშნოს. არსებული რისკების ფონზე, შესაძლოა, ქვეყანამ დაკარგოს უმნიშვნელოვანესი და მთავარი ინტელექტუალური კაპიტალი. ამის საფუძველს გვაძლევს ის, რომ როცა დემონსტრაციების დროს ადამიანებს ველაპარაკებოდით, მათი, დაახლოებით, 30% საერთაშორისო კომპანიაში მუშაობს და აქედან ძალიან მიმზიდველი შემოთავაზებები აქვთ. ეს კომპანიები ყოველთვის მზად არიან მაღალი დონის სპეციალისტები ქვეყნიდან გაიყვანონ, მაგრამ თავად ამ ხალხს ქვეყნის დატოვების სურვილი არ აქვს. ამ კრიზისის შემთხვევაში კი, ისინი იძულებულები იქნებიან, ეს გადაწყვეტილება მიიღონ, მიუხედავად იმისა, რომ არ უნდათ. ეს იყო ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი ბოლო წლების განმავლობაში და ყველაზე მაღალანაზღაურებადი. დაახლოებით, 4 მილიარდ ლარამდე შემოსავალს ქმნის. მინდა, პატივისცემა გამოვხატო IT სექტორის მიმართ, ამ ადამიანებმა ორი დღის განმავლობაში ქუჩაში აჩვენეს უპრეცედენტო რამ იმ სამუშაო რეჟიმიდან რეჟიმის გათვალისწინებით, რაც ამ სფეროს ახასიათებს", - ამბობს თოხაძე BMGTV-ის ეთერში.

12 დეკემბერს IT/TECH სფეროს წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. რამდენიმე ასეული ადამიანი ჯერ პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა, შემდეგ კი მსვლელობა მოაწყო ცენტრალურ ქუჩებზე - რუსთაველის, მელიქიშვილისა და კოსტავას გამზირებზე.

უკვე რამდენიმე დღეა თბილისში საპროტესტო აქციები იმართება. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები