მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უცხოელების დასაქმებაზე რეგულაცია IT სექტორისთვისაც გამოწვევა იქნება - თორნიკე თოხაძე

თორნიკე თოხაძე

უცხოელების დასაქმებაზე შემოღებული რეგულაციები გამოწვევა იქნება IT სექტორისთვისაც - ამის შესახებ კომპანია “სქაიჰაის” აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს.

როგორც თორნიკე თოხაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ახალი შეზღუდვები პრობლემური განსაკუთრებით იმ საერთაშორისო სტატუსის მქონე ტექნოლოგიური კომპანიებისთვის იქნება, რომელთაც დეველოპერების მიღმა სხვა პოზიციებზეც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჰყავთ დასაქმებული.

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ცვლილებები დაანონსებიდან საკმაოდ მალე შედის ძალაში, კომპანიების ნაწილს უცხოელ კადრებთან მოლაპარაკებებისას პრობლემები უკვე ექმნებათ.

“როდესაც ერთი კვირით ადრე ბიზნესი იგებს, რომ უცებ შემოდის რეგულაცია, ამ დროს დაგეგმილია კონკრეტული პროექტები, მათ შორის, დასაქმების პროექტები და მათ შორის ის დაკვეთები, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ, რომ საერთაშორისო ბაზარზე ვაწვდით IT სერვისებს და მომსახურების სხვადასხვა მიმართულებას. ამიტომ, ეს მნიშვნელოვანი შეფერხება იქნება.

ბიზნესის გადმოსახედიდან ეს ასე ჩანს, რომ IT სექტორში თვითონ დასაქმებული ადამიანების რაოდენობა არ არის მხოლოდ IT დეველოპერები. ანუ, იქ არის სხვადასხვა სპეციალობები, მაგალითად: HR სპეციალისტები არიან ძალზე მნიშვნელოვანი რგოლი, მარკეტინგის სპეციალისტები, ვინაიდან საერთაშორისო ბაზარს საერთაშორისო გამოცდილება და სხვა ტიპის [გამოცდილება] სჭირდება, არიან ანალიტიკოსები, პროექტების მენეჯერები და ა.შ. მათთვის ეს პრობლემა გახდება. ანუ, დაახლოებით კონცენტრაციის [თანამშრომლების] 30%-ის დაქირავება გართულდება.

უნდა გავითვალისწინოთ, თვითონ დასაქმების ბაზარზე როგორ მოახდენს ეს გავლენას. თითქოს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს, რომ ამან საქართველოს მოქალაქეების დასაქმების მაჩვენებელი უნდა გაზარდოს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ეს პირიქითაც მუშაობს, იმიტომ რომ როდესაც გამოცხადდება ვაკანსია, მათ გაუჩნდებათ ავტომატურად უნდობლობის განცდა, რომ ეს ვაკანსია ჯერ იმიტომ გამოცხადდა, რომ ახლა ნახონ, რომ არ აიყვანეს ამ მიმართულებაზე და შემდეგ მიმართონ სახელმწიფოს. ანუ, ეს ბარიერიც ჩნდება, ფსიქოლოგიური ბარიერია ცალსახად, მაგრამ ბიზნესზე ეს გავლენას ახდენს, რომ გარკვეული თავშეკავების მომენტი ჩნდება.

ეს პროცესებს გაართულებს, დროში გაიწელება გარკვეული პროცესები. ეს არის ფსიქოლოგიური ფაქტორიც და ეს არის დანახარჯების ნაწილიც, იმიტომ რომ როდესაც ბიზნესს აწყობილი აქვს რაღაც სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ის მოქმედებს ბაზარზე, მას აუცილებლად მოუწევს ამ სტრატეგიის გადახედვა რეგულაციიდან გამომდინარე, რომ ერთის მხრივ არ დაარღვიოს რაიმე კანონმდებლობის თვალსაზრისით და მეორეს მხრივ, მოერგოს ბიზნესის ამოცანებს, რომ შესაბამისად საქმის კეთებაზე მოახდინოს აქცენტი და ამ პროცედურულ ნაწილს მაქსიმალურად თავი აარიდოს”, - განაცხადა თორნიკე თოხაძემ.

ცნობისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე შემოღებულ რეგულაციებს ექვემდებარებიან ის უცხოელი IT სპეციალისტებიც, რომლებიც საქართველოდან გეგმავენ საქმიანობას, ან რომელთა დაქირავებასაც ბიზნესი გეგმავს. თუ ასეთი პირი საქართველოში არ ფლობს IT ან სხვა ტიპის ბინადობის ნებართვას, მან შრომითი საქმიანობის ნებართვა უნდა მოიპოვოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები