იურიდიული კომპანია GLCC Law Firm-ში აცხადებენ, რომ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომ უპირატესობა ადგილობრივ კადრებს მინიჭებოდა, ნაკლებად სრულდება.
როგორც კომპანიის იურისტმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, კანონის ამოქმედების შემდეგ ერთ-ერთი კომპონენტი იყო, რომ დამსაქმებელს პლატფორმა Wotknet-ის საშუალებით თავდაპირველად ადგილობრივი კადრი უნდა მოეძებნა, თუმცა უკვე მოგვიანებით ეს ვალდებულება გაუქმდა.
ეს კი ენრი აბულაძის შეფასებით იმას ნიშნავს, რომ კანონის თავდაპირველი მიზანი ნაკლებად სრულდება და უცხოელებისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება მხოლოდ ბიუროკრატიულ ბარიერად იქცა.
„კანონს ერთ-ერთი მთავარი მოტივი რაც ჰქონდა, იყო ის, რომ უპირატესობა მინიჭებოდა ადგილობრივ დასაქმებულ ძალას, რაც რეალურად პრაქტიკაში მისაღებია, თუმცა, სამწუხაროდ, ივნისში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, Worknet-ი, რომელშიც ჩაიდო შესაბამისი ფინანსები, ძალისხმევა, რომ ამოქმედებულიყო და რომლის მიხედვითაც უნდა შეძლებოდა ადგილობრივ მოსახლეობას კონკურენცია და მხოლოდ მას შემდგომ [დასაქმებულს] უცხოელების დასაქმება, აღნიშნული ინსტიტუტი სრულიად გაუქმდა საქმიანობის უფლების ეტაპზე. რაც ნიშნავს იმას, რომ დამსაქმებლებს ადგილობრივსა და უცხოელ კადრებს შორის ყოველგვარი კონკურენციის გარეშე შეუძლიათ მიმართონ საქმიანობის უფლებაზე.
ანუ ამ ეტაპზე ამ კანონმა მიიღო გარკვეულწილად უფრო ბიუროკრატიული საფეხურის ფუნქცია, სადაც მათ ჩვეულებრივად შეუძლიათ ნებისმიერ უცხოელზე ჩააბარონ განცხადება, არ ენიჭებათ ადგილობრივ მოსახლეობას არც ერთ ეტაპზე პრიორიტეტი დასაქმების კონტექსტში. თუმცა მიუხედავად განაცხადების ჩაბარების შეუზღუდავობისა, მაინც იღებენ [უცხოელები] შემდგომ ბინადრობის ეტაპზე უარს.
ამ კანონმა ერთგვარად მხოლოდ აღრიცხვის ფუნქცია მიიღო, ხოლო დამსაქმებლებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უბრალოდ დამატებითი ხარჯი და გაუგებრობა აღმოჩნდა“, - განაცხადა ენრი აბულაძემ.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებისთვის/თვითდასაქმებისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება სავალდებულო გახდა.
ამასთან, საქართველოში დასაქმებული უცხოელებისთვის, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის გარდამავალი ვადა იწურება. ვინაიდან კანონით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდი 2027 წლის 1 იანვარს გადის. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების პარალელურად, გათვალისწინებული იყო გარდამავალი პერიოდი, საქართველოში დასაქმებული იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც 2026 წლის 1 მარტამდე სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში უკვე იყვნენ რეგისტრირებულები.
























