IT სექტორის წარმომადგენლები გეგმავენ, 15 იანვარს 15:00 საათზე საყოველთაო გაფიცვას შეუერთდნენ. ამის შესახებ BMGTV-სთან გადაცემაში „საქმიანი დილა“ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი თორნიკე რაზმაძე აცხადებს.
როგორც მან აღნიშნა, გუშინ გამართულ პერფორმანსს ძალიან ბევრი IT სექტორის წარმომადგენელი შეუერთდა. მათი მიზანი იყო ის, რომ მთავრობის, „ქართული ოცნების“ და საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, თუ რა გავლენა აქვს ამ სექტორს საქართველოს ეკონომიკაში.
საქმე ისაა, რომ გუშინ მთელი დღის მანძილზე, სოციალური ქსელი მოიცვა პოსტებმა ჰეშთეგით - Tech is down. ამ ფორმით, IT სპეციალისტები გამორთული კომპიუტერების ფოტოებს სოციალურ ქსელებში აზიარებდნენ. IT სექტორმა გადაწყვიტა გამოეთიშოს სამყაროს რამდენიმე საათით. ის, ვინც ვერ ახერხებს პროტესტს ფიზიკურად შეუერთდნენ, IT სექტორის წარმომადგენლებმა მოიფიქრეს ფორმა, როგორ შეძლებენ ადამიანები ციფრულად შეუერთდნენ და გაიზიარონ მათი პოზიცია. "თუ აიტი გაჩერდება - გაჩერდება სამყარო" - ასეთია მათი გზავნილი.
„ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი ამ პერფომანსს შეუერთდა. ამით გვინდოდა შეგვეხსენებინა ყველასთვის, მთავრობისთვის, „ქართული ოცნებისთვის“ და საზოგადოებისთვის, რომ IT სექტორი წარმოადგენს დიდ ნაწილს საქართველოს ეკონომიკაში. ეს ისეთი სექტორია, რომელსაც მსოფლიო მომავალს უკავშირებს. სექტორი წლიდან წლამდე იზრდება. ის ქმედებები კი, რასაც მთავრობა გვთავაზობს, მიმართულია ევროპის წინააღმდეგ. არაევროპული მომავალი ამ სექტორს დააზიანებს, რადგან ჩვენი სექტორის შემოსავლის 85% არაქართული ინვესტიციაა.
ძალიან დიდი შეხება გვაქვს ევროპულ და ამერიკულ კომპანიებთან და ძირითადი შემოსავალი ამ სფეროში აქედან შემოდის. ძალიან მოხარულები ვიქნებით, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. გარდა იმისა, რომ როგორც მოქალაქეს ეს გვინდა, ჩვენს სპეციალობაშიც ძალიან დაგვეხმარება, რადგან ხშირად პრობლემები შეიძლება იქმნებოდეს იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრები. ხანდახან კონტრაქტზეა პრობლემა, ხანდახან სხვადასხვა იურიდიული ტიპის იურიდიულ საკითხებზე, ფინანსურ საკითხებზე და გვინდა, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს.
მე როგორი შთაბეჭდილებაც მექმნება ჩემი წრიდან გამომდინარე, 15 იანვარსაც ვაპირებთ შევუერთდეთ [გაფიცვას], შეიძლება ასეთი პერფომასის ისევ გამეორება ან ცოტა სხვა ფორმის მოფიქრებაც. ამას არ გამოვრიცხავ“, - განაცხადა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერმა.