მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"IT სექტორის შემოსავლების შემცირება ბუნებრივი იყო" - Lineate-ის ვიცეპრეზიდენტი

lineate

„IT სექტორის შემოსავლების შემცირებაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ“, - ამის შესახებ bm.ge-სთან ინტერვიუში ამერიკული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Lineate-ის ვიცეპრეზიდენტმა, გიორგი ციკოლიამ აღნიშნა. მისი თქმით, ინდუსტრიის სწრაფი ზრდის შემდეგ, მოსალოდნელი იყო მისი შემცირება და დასტაბილურება.

„წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, შემცირება ბუნებრივიცაა, სწრაფი ზრდის შემდეგ, სტაბილურ დონეზე გრძელდება ზრდა. შარშანდელი ვარდნა ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ სექტორი ზრდის ბუნებრივ პროცესს უბრუნდება. ეს მოსალოდნელიც იყო. ბოლო სამ წელს რომ შევხედოთ, ინდუსტრიამ ძალიან სწრაფი ზრდა განიცადა, ეს ზრდა ხშირ შემთხვევაში იყო სტრუქტურირებული, ანუ კომპანიები ნაბიჯ-ნაბიჯ ზრდიდნენ საქმიანობას გრძელვადიანად და მეორე მხრივ, არასტრუქტურირებული, როცა ქვეყანაში ბევრი ე.წ. ნომადი შემოვიდა, თუმცა მოგვიანებით მათი ნაწილი გავიდა კიდეც. ეს ბუნებრივიცაა. ამიტომ შემცირება მოსალოდნელი იყო“, - განაცხადა გიორგი ციკოლიამ.

მისივე თქმით, სექტორის შემოსავლებზე გავლენა, სავარაუდოდ, კიდევ ერთმა ფაქტორმა - აშშ-ის ტექინდუსტრიაში არსებულმა ვითარებამაც იქონია.

„შარშანდელი წელი ტექინდუსტრიისთვის გლობალურადაც არ იყო კარგი. ძირითადი ბაზარი მაინც აშშ-ია, სადაც შარშან მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა გაიზარდა, ტექისთვის რთული წელი იყო. შესაბამისად, მოსალოდნელიც იყო, რომ ამას გავლენა გლობალურადაც ექნებოდა. თუ ეს ტენდენცია არ გაგრძელდა, დასტაბილურდა ან თუნდაც დაუბრუნდა მცირე ზრდასაც, პრობლემა არ იქნება. მაგრამ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა და 20%-იანი ვარდნის შემდეგ ინდუსტრიამ კიდევ 20%-იანი ვარდნა განიცადა და სამუშაო ადგილების კუთხითაც შემცირება დაფიქსირდა, ეს ცალსახად ნეგატიური იქნება“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, 2024 წლის 9 თვეში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი შემცირდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, იანვარ-სექტემბერში IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 475 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით, ანუ 133 მლნ დოლარით ნაკლებია.

2023 წლის განმავლობაში კი საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 784 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ამ სექტორის რეკორდულად დიდი შემოსავალი იყო.

შეგახსენებთ, 2022-2023 წლებში IT სექტორში არსებული ბუმი, პირველ რიგში, მიგრაციულ ეფექტს უკავშირდება, რადგანაც საქართველოში დროებით საცხოვრებლად ათასობით რუსი, უკრაინელი და ბელარუსი სპეციალისტი გადმოვიდა, შესაბამისად, მათი საქმიანობაც ამჟამად საქართველოდან მიწოდებულ IT სერვისებად ითვლება. თუკი 2021 წლის ბოლოს, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში (რომელიც IT სფეროსაც აერთიანებს) 30.6 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, ეს 2022 წელს, ჯერ 39 ათასამდე გაიზარდა, 2024 წელს კი 48 ათასს მიაღწია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის ზრდის მიუხედავად, კლებულობს სექტორის ჯამური შემოსავალი, რაც ქვეყნიდან დროებით საცხოვრებლად გადმოსული რუსი, ბელარუსი და უკრაინელი IT სექტორის დასაქმებულების მიგრაციას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები