მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IT სექტორში მთავარ როლს უკვე ადგილობრივი სპეციალისტები თამაშობენ - თორნიკე სულაბერიძე

თორნიკე სულაბერიძე

2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი წარმმართველი ძალა IT სექტორი გახდა. ICT ასოციაციაში აცხადებენ, რომ თუ 2022-2023 წლებში სფეროს რეკორდული ზრდა ძირითადად მიგრაციული პროცესებითა და საერთაშორისო კომპანიების საქართველოში გადმოსვლით იყო განპირობებული, 2024-2025 წლებში აქცენტი ადგილობრივ ტალანტებსა და ტექნოლოგიური ჰაბის სტატუსზე გადადის.

როგორც ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე სულაბერიძე BMG-სთან აცხადებს, სექტორი ახალ ფაზაში შედის, სადაც მთავარ როლს უკვე ადგილობრივი სპეციალისტები თამაშობენ. ამას კი, სტუდენტების რაოდენობის დრამატული ზრდაც ადასტურებს.

"5 წლის წინ კომპიუტერულ მეცნიერებებზე დაახლოებით 2000-მდე ადამიანი სწავლობდა, დღევანდელი მონაცემებით კი ეს ციფრი 12 000-მდეა გაზრდილი. ადამიანებმა ნახეს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სექტორი, სადაც შეუძლიათ საქართველოდანვე მოემსახურონ საერთაშორისო გიგანტებს და არ მოუწიოთ ემიგრაციაში წასვლა," - ამბობს თორნიკე სულაბერიძე.

მისივე თქმით, 2025 წლის მოლოდინები კიდევ უფრო ოპტიმისტურია, რაც გლობალურ ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის ბუმითაა განპირობებული - საქართველოსთვის, რომელიც ძირითადად IT აუთსორსინგს აწარმოებს, პროექტების მოცულობა და ექსპორტის მაჩვენებელი საგრძნობლად იზრდება.

თორნიკე დიასამიძე მიიჩნევს, რომ ეს ის სექტორია, სადაც გამომუშავებული დოვლათი თითქმის სრულად ქვეყანაში რჩება, რადგან ძირითადი ხარჯი სწორედ ადგილობრივი მუშა-ხელის ანაზღაურებაა.

“ჩვენი სექტორი ძირითადად, დამოკიდებულია ადამიანურ რესურსზე. ანუ ის, რასაც ქმნის სექტორი - პროდუქტს თუ სერვისს - გააჩნია შრომითი ანაზღაურება. მოგეხსენებათ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სექტორი, აქედან გამომდინარე, თანხის უმეტესი ნაწილი, რომელიც გამომუშავდება და შეიქმნება საქართველოში რჩება.

მართალია, სექტორს აქვს საგადასახადო შეღავათები - სწორედ ამ რეგულაციების და შეღავათების გამო გადმოვიდნენ 2022 წელს ის კომპანიები საქართველოში, როდესაც მათ ოფისები დახურეს რუსეთში, უკრაინაში და ბელარუსში. როდესაც რეგიონს უყურებდნენ, ისინი ეძებდნენ, სად იყო მიმზიდველი გარემო და იმ ფაქტორმა, რომ ჩვენ ტექნოლოგიური მიმართულებით საგადასახადო შეღავათები გვაქვს, საკმაოდ დიდი როლი ითამაშა. მათთან ერთად გადმოვიდნენ ეს ადამიანებიც, კომპანიები შემოვიდნენ საქართველოში და უკვე საქართველოდან ემსახურებიან საერთაშორისო ბაზარს” - ამბობს თორნიკე სულაბერიძე.

მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, სექტორში სერიოზული გამოწვევებიც რჩება. ამჟამად მოქმედი საგადასახადო შეღავათები, მათ შორის "საერთაშორისო კომპანიის სტატუსი", ძირითადად ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებზე ვრცელდება, რაც ადგილობრივ ბაზარზე მომუშავე ქართულ კომპანიებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

"გამოწვევად რჩება ის, რომ საგადასახადო შეღავათები მთლიანად სექტორზე უნდა გავრცელდეს. დღეს ქართულ კომპანიას, რომელიც შიდა ბაზარს ემსახურება, უფრო მაღალი საგადასახადო ტვირთი აქვს, ვიდრე საერთაშორისო კომპანიას. შედეგად, ქართული მსხვილი ბიზნესები ტექნოლოგიურ სერვისებს ისევ უცხოეთიდან ყიდულობენ, რადგან ადგილობრივი მომსახურება მათთვის უფრო ძვირი გამოდის," - ამბობს სულაბერიძე.

2025 წელს ეკონომიკა 7,5%-ით გაიზარდა. ზრდის მთავარი კონტრიბუტორები ინფორმაციისა და კომუნიკაციის, განათლების, საფინანსო და უძრავი ქონების სექტორები იყო. თუმცა, კლება დაფიქსირდა მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის დარგებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები