მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IT სექტორში შემოსავლების 70%-იანი ზრდა ანომალიურად მეჩვენება - გიორგი ხიშტოვანი

ხიშტოვანი

2024 წელს კლების შემდეგ, IT სექტორი შემოსავლების მკვეთრ ზრდას აჩვენებს. წელს პირველ კვარტალში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 266 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 70%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ეს კი იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო IT კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირებულია, ხოლო საქართველოში დროებით საცხოვრებლად ჩამოსულმა IT სპეციალისტების ნაწილმა ქვეყანა უკვე დატოვა.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ეკონომისტების ნაწილი IT სექტორის შემოსავლების მკვეთრ ზრდას ანომალიურს და არაბუნებრივს უწოდებს.

როგორც გიორგი ხიშტოვანი BMG-სთან საკითხის შეფასებისას აცხადებს, სექტორში შემოსავლების 70%-იან ზრდასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება, მათ შორის იმ ფონზე, რომ დარგში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირებულია.

მისი თქმით, არაა გამორიცხული, რომ სექტორში მსგავსი ტემპით ზრდა არა IT კომპანიების საქმიანობას, არამედ სხვა ტიპის ოპერაციებს უკავშირდებოდეს.

“IT სექტორის შემოსავლების ზრდა მოდიოდა საერთაშორისო საწარმოებზე, ისინი ახორციელებდნენ სერვისის ექსპორტს. ამ საწარმოებში დასაქმებულების რაოდენობა მცირდება, გასულ წელს შემოსავლები შემცირდა და შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მხრიდან განხორციელდა ინიციატივები, რომელსაც ეს კლება უნდა შეეჩერებინა, მაგალითად, IT ბინადრობის შემოღება. ამის პარალელურად, როცა [სექტორის შემოსავლების] 70%-იან ზრდას ვიღებთ, ანომალიური მეჩვენება ეს მონაცემი. რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ან ამ სერვისის ღირებულება თითქმის გაორმაგდა, ან უცბად ამ ადამიანების პროდუქტიულობა გახდა ორჯერ უფრო მაღალი, რაც ასევე საეჭვოა.

შესაბამისად, თავისთავად ასეთი მაღალი ზრდა არის უცნაური მოვლენა. მეორე, რაც შეიძლება აღვნიშნოთ ამ მონაცემთან მიმართებით არის ის, რომ ცოტათი უფრო ცხადი ხდება ICT სექტორის წილის ზრდაც ეკონომიკურ ზრდაში. აქ გვაქვს ორი სურათი. პირველი სცენარია - როგორც ჩანს, საერთაშორისო საწარმოები ახორციელებენ IT სერვისების ექსპორტს უცხოეთში, ფაქტობრივად არ იხდიან საქართველოში გადასახადებს, დასაქმებულები ჰყავთ რუსები და ბელორუსები დიდწილად და ისინიც არ იხდიან საქართველოში გადასახადებს. ჩვენ კი „ქართული ოცნების“ სპიკერები გვესაუბრებიან რაღაც განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზრდაზე, რომლითაც არც საქართველოს მოქალაქეები და არც სახელმწიფო ბიუჯეტი არ ხეირობს.

რაც შეეხება მეორე სცენარს, ის ზუსტად ამ მონაცემების განსაკუთრებულ ზრდასთან კავშირშია. არ გამოვრიცხოთ, რომ აქ მხოლოდ საერთაშორისო, ნამდვილ IT კომპანიებთან არ გვქონდეს შეხება და რაღაც სხვა ტიპის ოპერაციები იყოს. ეს შეიძლება იყოს ე.წ. „ქოლცენტრების“ თემა საქართველოში. საინტერესოა, მართლაც ხომ არ არიან ისინი კონტრიბუტორები ამ სერვისის ექსპორტის.

და ამავდროულად, არ გამოვრიცხოთ, რომ თუნდაც ლეგალურად ეს სერვისები რეალურად არც საქართველოდან მიეწოდება სხვა ქვეყნებს, არც აქ იქმნება, უბრალოდ საქართველო არის ქაღალდზე ამ სერვისების გამტარი, ან ამ სერვისების შემსრულებელი. უბრალოდ ეს საერთაშორისო საწარმოები ამ საგადასახადო შეღავათებს იყენებენ იმისთვის, რომ არ გადაიხადონ გადასახადები და შესაბამისად, ფაქტობრივად გამოდის, რომ ამ ქვეყანაში არც სერვისი იქმნება, არც სერვისი იყიდება, უბრალოდ ქაღალდზე იწერება ეს. ერთი მხრივ, ყველანი ვამაყობთ ამ სფეროს განვითარებით და მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ ამაყობს რაღაც გასაოცარი ეკონომიკური ზრდით, როდესაც სინამდვილეში შეიძლება ეს ყველაფერი ფიქტიური ზრდა იყოს“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

ცნობისთვის, 2024 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 688 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2023 წელს არსებულ რეკორდთან 784 მილიონ დოლართან შედარებით თითქმის 100 მლნ დოლარით ნაკლები იყო.

ამასთან, 2024 წელს ერთ საერთაშორისო IT კომპანიაში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 27%-ით 64 ადამიანამდე იყო შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები