ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარების იმდენად დიდი პოტენციალია, რომ ამ მიმართულებით მაქსიმალური ინვესტიციაა ჩასადები. ასე უპასუხა "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა მმართველი პარტიის დეპუტატ ვაკო თურთანავას კითხვას - რა იგეგმება IT მიმართულებით ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად.
"საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება მომავალშიც", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის განვითარებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ამ ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად დატვირთვის მნიშვნელობას.
„ზოგადად სივრცე განვითარებისთვის ძალიან დიდია. საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ჩვენს ეკონომიკაში, თუმცა იმდენად დიდია პოტენციალი, მაქსიმალური ინვესტიციაა ჩასადები ამ მიმართულებით. თქვენ გაქვთ გამორჩეული გამოცდილება ამ სფეროში და მზად ვართ, მთავრობის შესაბამის წევრებთან ერთად აქტიურად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ახალ-ახალი ინიციატივები წარვადგინოთ ამ სფეროში. ერთ-ერთი ინიციატივა იყო სამწლიან ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული. საჭიროა მაქსიმალური წამახალისებელი ზომების მიღება იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს სექტორი განვითარდეს. მზად ვართ თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.




























