საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც IT სექტორის წარმომადგენლობისთვის ბინადრობის მიღება მარტივდება, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის გამარტივების საშუალებად იქცეს. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ მომზადებულ კვლევაში "ICT სექტორის გავლენა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე" წერია.
კვლევის თანახმად, ქვეყანაში მოქმედი IT კომპანიების 56% რუსულია. მსხვილ IT კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობა გარკვეული კომპანიების შემთხვევაში, შემცირების ტრენდს აჩვენებს, რის მიზეზადაც რუსი და ბელარუსი სპეციალისტების რელოკაცია სახელდება. სწორედ სპეციალისტების ნაკლებობა სახელდება იმ კანონპროექტის ინიციატორების მხრიდან მთავარ არგუმენტად, რომლის მიხედვითაც, საქართველოში IT სფეროში დასაქმებულებისთვის, ბინადრობის მიღება მარტივდება.
საქართველოში IT სფეროში დასაქმებული უცხოელებისათვის 3-წლიანი ბინადრობის მიღება ხდება შესაძლებელი. ცვლილებების ინიციატორების განმარტებით, თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების ტემპი საჭიროებს დარგის მცოდნე სპეციალისტების ინტეგრირებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ახალი კადრების მომზადებას. კანონში ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად 3 წლით გაიცემა, შემდეგ კი დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა ყოველ ჯერზე შეიძლება 3 წლის ვადით გაგრძელდეს, არაუმეტეს 12 წლამდე. IT სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ნებართვის მქონე პირი ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში. ავტორები ელიან, რომ IT კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტში დასაქმებულ პირთა რაოდენობა 5 წელიწადში, ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში 6 284- ს გაუტოლდება, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში, 24 000-ს.
სექტორში რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობამ პიკს 2022 წელს მიაღწია - როდესაც ქვეყანაში დიდი რაოდენობით მიგრანტები შემოვიდნენ. კერძოდ, 2022 წელს თითქმის 15 000- მდე ახალი კომპანია დარეგისტრირდა, 2023 წელს 9 700, 2024 წელს 2,181; 2025 წელს რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა კი 18-მდე შემცირდა.
კვლევაში წერია, რომ რეგისტრირებული კომპანიების უმეტესობის მიგრაციასთან კავშირს ორი ფაქტორი მიანიშნებს - რეგისტრირებული კომპანიების წარმოშობა და სამართლებრივი ფორმა. კერძოდ, კომპანიების აბსოლუტური უმეტესობა მცირე ზომისაა და ინდივიდუალურ მეწარმეებს წარმოადგენს. ამ ფონზე, ჯამურად ICT სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ბოლო წლებში გაორმაგდა, თუმცა მიგრანტების ეფექტის მილევის ფონზე, მსხვილ IT კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, რასაც კომპანიები თავიანთ ანგარიშებში რუსეთიდან და ბელარუსიდან დასაქმებული პირების რელოკაციით ხსნიან.
"მიგრაციის ეფექტის მილევის ფონზე, სექტორის ეკონომიკურ ზრდაში არსებული კონტრიბუციის ტემპის შენარჩუნების სურვილი, საქართველოს ხელისუფლებას უჩენს ცდუნებას ცალკეული საგადასახადო (საშემოსავლო შეღავათების გავრცელება საზღვარგარეთ მცხოვრები თანამშრომლებისთვისაც) და ბინადრობის უფლებასთან ( IT სფეროში დასაქმებული პირების ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის ზრდა) დაკავშირებული შეღავათების დაწესების, რომელიც პირველ შემთხვევაში კიდევ უფრო ფრაგმენტულს ხდის სექტორის რეალურ ეკონომიკურ ეფექტს, ხოლო მეორე შემთხვევაში მიგრაციიდან მომდინარე სახელმწიფო უსაფრთხოების გამოწვევებს", - წერს IDFI.




























