მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჯარო სერვისების ფორუმზე არ მიიწვიეს ადამიანები, რომლებიც წლებია მუშაობენ ამ საკითხზე - IDFI

ლევან ავალიშვილი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროგრამების ხელმძღვანელის, ლევან ავალიშვილის თქმით, თბილისში გამართულ საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმზე არ მიიწვიეს ბევრი ადამიანი, რომლებმაც წლები შეალიეს ამ საკითხის საქართველოში დანერგვას და განვითარებას. მან საკითხზე "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.

საქმე ისაა, რომ 2026 წლის 23-25 ივნისს თბილისმა პირველად უმასპინძლა გაერო-ს საჯარო სერვისების ყოველწლიურ გლობალურ ფორუმს. მთავარი თემა იყო „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა“. 3-დღიანი ღონისძიება ჩატარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის (UN DESA) ერთობლივი ორგანიზებით.

ლევან ავალიშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის განვითარებაში ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე.

"ჩვენი ორგანიზაცია დიდი ხანია მუშაობს ამ საკითხზე, 2011 წლიდან მოყოლებული. გაეროს აქვს სპეციალური მიმართულება, რომელიც საჯარო სექტორში და ზოგადად ქვეყანაში ეგრეთ წოდებული ელექტრონული მმართველობის და ელექტრონული ჩართულობის განვითარებას აფასებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი მხრიდან, როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ყოველთვის ვაანალიზებდით და რეკომენდაციას ვაძლევდით სახელმწიფოს ამ მიმართულებით. ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება ეს კვლევა და ამის ანალიზი და საქართველოს სისტემების გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება იყო წლების განმავლობაში, მათ შორის, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით სხვადასხვა დაწესებულებებთან საქართველოში. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო ფორუმზე, როგორც ჩანს, არც ჩვენ მიგვიწვიეს და არც სხვა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც წლები მუშაობენ ამ საკითხზე და წლები ადვოკატირებდნენ სერვისების განვითარებას.

ზოგადად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი არის, იმიტომ რომ ციფრული ტრანსფორმაცია ბევრ საკითხს მოიცავს. ის ფარავს როგორც ეკონომიკურ ასპექტებს, ისე ადამიანურ კაპიტალს, ინფრასტრუქტურის განვითარებას, სერვისების განვითარებას. მთლიანობაში დემოკრატიის ხარისხიც იზომება გარკვეულწილად ამ სერვისების განვითარებით, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ციფრული სერვისია, მით უფრო პირდაპირპროპორციულად, ეს კვლევებითაც არის დამტკიცებული, მცირე არის კორუფციის რისკი. რაც უფრო ავტომატიზირებული არის სისტემები, მით უფრო ნაკლები არის, მაგალითად, ნეპოტიზმის რისკი და ბევრი ფაქტორია მთლიანობაში.

მისასალმებელია, რა თქმა უნდა, ასეთი ფორუმების ჩატარება, თუმცა აქ მთავარი არის საქართველო როგორა წარდგენილი ამ ფორუმზე... ელექტრონული მმართველობის განვითარების კვლევაში, რომელსაც გაერო აკეთებს, ბევრი კომპონენტია თავმოყრილი. ერთ-ერთი არის სახელმწიფო სერვისების კომპონენტი. აქ, ჩვენი ორგანიზაციის შეფასებით, რომელიც მათ შორის ეყრდნობა თვითონ ამ კვლევას, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება, ჩვენ გვაქვს ხოლმე მცირედი მატება პროცენტული, მაგრამ მთლიანობაში ჩამოვრჩებით. ანუ ფაქტობრივად სტაგნაციის კუთხით არის. იმ შეფასებას, რომელიც გვქონდა 2014-ში ოდნავ ემატება რაღაც წინსვლა, თუმცა კონკურენციაში ვაგებთ. ეს კარგად ჩანს რეგიონის მასშტაბითაც, მსოფლიოს მასშტაბითაც",- აღნიშნა ლევან ავალიშვილმა.

კითხვაზე, რა უშლის განვითარებას ხელს, IDFI-ის პროგრამების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ბევრი ფაქტორია და ეს პირველ რიგში არის სახელმწიფოს ნება და ხედვა ქვეყნის ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით.

"უნდა იყოს ნება და მერე მოხდება დანარჩენი ყველაფერი. უკვე აღარც მახსოვს რამდენი სტრატეგია შეიქმნა საქართველოს ციფრული განვითარების. ბოლო, თუ არ ვცდები, ერთი წლის წინ არის წარმოდგენილი. მაგრამ სტრატეგიები უბრალოდ რჩება ქაღალდზე და არ ხდება ამის გათვალისწინება. ეს უნდა იყოს სახელმწიფოს პრიორიტეტი. პრიორიტეტს განსაზღვრავს უმაღლესი ხელმძღვანელობა და მერე უფრო ადვილი არის ამის იმპლემენტაცია რეალობაში.

საქართველო საინტერესო მაგალითია, იმიტომ რომ იყო პერიოდი, როცა სახელმწიფო უსწრებდა კერძო სექტორს ციფრული ინოვაციების განვითარებით და დღეს რეალურად კერძო სექტორი მაგალითად, საქართველოს საბანკო ელექტრონული სერვისები ერთ-ერთი საუკეთესოა ალბათ მსოფლიოში თავისი სისწრაფით და სიმარტივით. ეს სიტუაცია შეიცვალა და სახელმწიფო რაღაცნაირად სტაგნაციაშია ჩარჩენილი. რასაც ვუყურებ, აჩვენებდნენ ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად მობილურ იუსტიციის სახლებს, რომლებიც მიდიან სადღაც სოფლებში და რომლის მეშვეობითაც შეიძლება სერვისი მიიღოს ადგილობრივმა მოსახლეობამ, მაშინ როცა მთელი იდეა არის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ სახლიდან მიიღოს ეს სერვისი და არა რაღაც მანქანა მიდიოდეს იმისთვის, რომ იქ ადგილზე ფიზიკურად ეს გააკეთოს. თუ არ მოხდა ეგრეთ წოდებული ციფრული წიგნიერების განვითარება, თუ არ მოხდა ციფრული უთანასწორობის შემცირება რეგიონს და ქალაქს შორის, თუ არ მოხდა ამ რაღაც კონსოლიდაცია ამ სერვისების და ამის ხედვა თუ არ განხორციელდა, რა თქმა უნდა, ჩვენ კონკურენციას ვაგებთ, რასაც მნიშვნელოვანი ფასი აქვს, განსაკუთრებით დღეს",- განაცხადა ლევან ავალიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები