მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალია ესპანეთთან საჰაერო და საზღვაო საზღვრებს კეტავს და შენგენის შეთანხმებას აჩერებს

სეუტა

ესპანეთის ჩრდილოაფრიკულ ექსკლავ სეუტაში ათიათასობით მიგრანტის შესვლის საპასუხოდ, იტალიის მთავრობამ პარასკევს ესპანეთთან საზღვრებზე კონტროლი დააწესა.

ეს გადაწყვეტილება საავიაციო ფრენებსა და საზღვაო ტრანსპორტზე მოახდენს გავლენას და დროებით შეაჩერებს ესპანეთის შენგენის უფლებებს, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს 29 ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს.

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო პიანტედოზის განცხადებით, საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე კონტროლი აგვისტოს განმავლობაში შენარჩუნდება.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ, რომელიც არალეგალური მიგრაციის შემცირებას გეგმავს, ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად მიღებული „საგანგებო ზომა“ უწოდა.

„ეს ზომა მხოლოდ აუცილებელი ვადით შენარჩუნდება, რათა საზაფხულო ტურისტულ ნაკადებზე უარყოფითი გავლენა ავიცილოთ.

ამავდროულად, იტალია მზად არის მხარი დაუჭიროს ევროპულ ინიციატივებს ესპანეთის დასახმარებლად, რათა კავშირის საგარეო საზღვრებზე სრული კონტროლი აღდგეს. საზღვრების დაცვა მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას და ტრეფიკინგის კრიმინალურ ქსელებთან ბრძოლას ნიშნავს“, - დაწერა მელონიმ სოციალურ ქსელში.

მიმდინარე კვირაში ათიათასობით მიგრანტი მაროკოდან ესპანეთის კუთვნილ ნახევარკუნძულზე გადავიდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ზღვაში დაკავებული მიგრანტების მაროკოში იძულებითი დაბრუნება დაუშვებელია.

ესპანელი ოფიციალური პირების განცხადებით, 48 000-ზე მეტი ადამიანი მაროკოში ნებაყოფლობით უკვე დაბრუნდა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სეუტაში შექმნილ ვითარებას „მიუღებელი“ უწოდა და აღნიშნული კრიზისის მართვის მიზნით ორი კომისარი დანიშნა.

„ჩვენ არავის მივცემთ ევროკავშირში წესების დარღვევით შემოსვლის უფლებას. სახიფათო გადასასვლელები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს, კონტრაბანდისტული ქსელები კი განადგურდეს“, - განაცხადა მან.

ევროკომისარმა მაგნუს ბრუნერმა აღნიშნა, რომ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა მას სეუტაში შესული მიგრანტების პრაქტიკულად სრული დაბრუნების შესახებ აცნობა.

„ევროკავშირის კონტინენტურ ნაწილში არცერთი ადამიანი არ გადასულა. ჩვენ მჭიდრო კავშირზე ვართ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებთან“, - დაწერა ბრუნერმა.

ალბარესმა აღნიშნა, რომ შენგენის ზონის უსაფრთხოება სრულად არის დაცული და მხარეებს მიზანმიმართული დეზინფორმაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმაც ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა სიტუაციას სრულად აკონტროლებს და გააკრიტიკა იტალიის მიერ შენგენის უფლებების დროებითი შეჩერება.

„სოლიდარობა ნებაყოფლობითია, თუმცა ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა სავალდებულოა. ახლა დაყოფის კი არა, ძლიერი და ერთიანი ევროკავშირის მშენებლობის დროა“, - განაცხადა სანჩესმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები