იტალია ახალ პასუხს გვთავაზობს მუდმივ კითხვაზე: სად შევხვდეთ ახალ წელს?
30 დეკემბერს რომიდან მატარებელი La Dolce Vita Orient Express-ი დაიძვრება, რომელიც სტუმრებს სამდღიან და ორღამიან მოგზაურობას უმზადებს.
პროგრამა, სახელწოდებით Whispers at Midnight გათვლილია იმ მოგზაურებზე, რომლებსაც დღესასწაულის განსაკუთრებულ გარემოში გატარება სურთ, ხალხმრავალი ღონისძიებებისა და ერთ ადგილზე გაჩერების გარეშე. თუმცა, 2026 წლის შესახვედრად დაგეგმილი ამ ექსკლუზიური ტურნეს ფასი საკმაოდ სოლიდურია და თითო მგზავრზე 11 280 ევროდან იწყება.
მოგზაურობა 30 დეკემბერს, შუადღისას, რომის სადგურიდან იწყება. მატარებელი თავდაპირველად ტოსკანისკენ, ქალაქ მონტალჩინოსკენ გაემართება. ტურის ფარგლებში გათვალისწინებულია:
- ექსკურსიები შუა საუკუნეების ქუჩებში;
- ღვინის დეგუსტაცია მე-14 საუკუნის ციხესიმაგრეში;
- კერძო ვიზიტი ანტინორის Pian delle Vigne-ს მამულში და ცნობილი „ბრუნელოს“ ღვინოების დაგემოვნება.
შემდეგი გაჩერება ვენეციაა, სადაც სტუმრებს არხებში ნავით გასეირნება, გაუქმებულ ეკლესიაში გამართული კონცერტი და კერძო მასტერკლასი ელით.
უშუალოდ ახალი წლის ღამის აღნიშვნა მატარებლის ვაგონში იქნება შესაძლებელი. საზეიმო ვახშამზე პასუხისმგებელია ჰაინც ბეკი - რომში მიშელინის სამი ვარსკვლავის მქონე რესტორნის, La Pergola-ს შეფმზარეული. ბეკი უზრუნველყოფს კვებას მგზავრობის მთლიან პერიოდში.
სადღესასწაულო განწყობას ვაგონ-ბარში DJ და სპეციალური წარმოდგენები შექმნიან, რის შემდეგაც მატარებელი რომში დაბრუნდება.
Orient Express-ისა და Accor-ის ერთობლივი პროექტი, La Dolce Vita, წარმოადგენს “ხუთვარსკვლავიან სასტუმროს რელსებზე“. მატარებელი 12 ვაგონისგან შედგება და 31 მდიდრულ კუპეში სულ 62 სტუმარს იტევს. ინტერიერი მე-20 საუკუნის შუა წლების იტალიური დიზაინითაა გაფორმებული.
კომპანია მომხმარებელს სხვა სეზონურ მარშრუტებსაც სთავაზობს (სიცილია, მატერა, პორტოფინო), თუმცა ფასები აქაც მაღალია. მაგალითად, ახალი გოლფ-ტურების ღირებულება 12 000 ევროს აჭარბებს, ხოლო 2026 წლის თებერვალში დაგეგმილი ვენეციის კარნავალის ტურის ფასი 3 720 ევროდან იწყება.




























