იტალიის კონკურენციის მარეგულირებელმა (AGCM) ესპანური ონლაინ ტურისტული სააგენტო eDreams, საწევრო გამოწერების არაკეთილსინდისიერი რეკლამირების გამო, 9 მილიონი ევროთი დააჯარიმა.
მარეგულირებლის თქმით, ჯგუფში შემავალი კომპანიები მომხმარებლებზე ზეწოლის მოხდენის მიზნით, მანიპულაციურ ციფრულ ტაქტიკებს, ე.წ. "dark patterns"-ს იყენებდნენ, რათა მათ გამოეწერათ და შეენარჩუნებინათ eDreams-ის ფასიანი სერვისი.
კერძოდ, AGCM-ის განმარტებით, eDreams არასწორად წარმოაჩენდა ფასდაკლებების რეალურ ღირებულებას, არ უზრუნველყოფდა ფასების გამჭვირვალობას პლატფორმაზე წვდომის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებისას და მიმართავდა ისეთ ხერხებს, რომლებიც მომხმარებელს Prime წევრობის გაუქმებაში უშლიდა ხელს.
მარეგულირებლის გადაწყვეტილებაზე კომპანიას კომენტარი არ გაუვრცელებია.
eDreams ბარსელონაში (ესპანეთი) დაფუძნებული ონლაინ ტურისტული სააგენტოა, რომელიც მომხმარებელს რეგულარულ და ჩარტერულ ფრენებს, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების ბილეთებს, სასტუმროებს, ავტომობილების გაქირავებას, დინამიკურ და ტურისტულ პაკეტებსა და სამოგზაურო დაზღვევას სთავაზობს.
პლატფორმის Prime საწევრო ყოველთვიურად 7.99 ევრო, Prime Plus კი 9.99 ევრო ჯდება და, ვებგვერდის თანახმად, მომხმარებელს "მეტის დაზოგვის, თარიღებზე მოქნილობისა და სიმშვიდის" გარანტიას აძლევს.




























