მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში საქართველოში $288 მილიონის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა - ქვეყნების რეიტინგი

ფულადი გზავნილები

2026 წლის ოქტომბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 288.56 მლნ აშშ დოლარი (750.1 მლნ ლარი) შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეს 2025 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 9.5%-ით, ანუ 30.1 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.

ქვეყნების მიხედვით, ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი მოცულობა აშშ-დან განხორციელდა. ოქტომბერში ამ ქვეყნიდან საქართველოში 65.1 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების 22.56%-ს შეადგენს. წლიურ ჭრილში აშშ-დან გადმორიცხვები 9.83%-ით გაიზარდა.

მეორე ადგილზე იტალია იმყოფება, საიდანაც 52.4 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. ეს მთლიანი გზავნილების 18.16%-ია, წლიური კლება კი 1.45%-ს შეადგენს. მესამე პოზიციას გერმანია იკავებს 30.47 მლნ აშშ დოლარით, რაც წლიურად 2.94%-იანი ზრდაა.

ფულადი გზავნილების მოცულობით ტოპ ხუთეულში ასევე შედიან საბერძნეთი და ისრაელი. საბერძნეთიდან ოქტომბერში 26.93 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც წლიურად 4.33%-ით მეტია, ხოლო ისრაელიდან მიღებულმა გზავნილებმა 25.82 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წლიური ზრდით 7.31%.

მნიშვნელოვანი კლება კვლავ რუსეთის ფედერაციიდან განხორციელებულ გზავნილებში დაფიქსირდა. ოქტომბერში რუსეთიდან საქართველოში 11.22 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 72.84%-ით ნაკლებია

თუმცა სავარაუდოდ, ნოემბრიდან რუსული ფულადი გზავნილები აღარ იქნება ასე მკვეთრად შემცირებული, რადგან გასული კვირის ბოლოდან საქართველოში Zolotaya Korona-მ საქმიანობა აღადგინა. გზავნილების აღნიშნული სისტემა მისი შუამავალი პროვაიდერის სანქცირების გამო, სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოში არ ოპერირებდა.

# ქვეყანა გზავნილები (მლნ აშშ დოლარი) წლიური ცვლილება
1 აშშ 65.1 9.8%
2 იტალია 52.4 -1.5%
3 გერმანია 30.47 2.9%
4 საბერძნეთი 26.93 4.3%
5 ისრაელი 25.82 7.3%
6 თურქეთი 11.43 6.7%
7 რუსეთის ფედერაცია 11.22 -72.8%
8 ესპანეთი 7.71 -2.6%
9 გაერთიანებული სამეფო 6.07 15.3%
10 საფრანგეთი 5.82 -6.1%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები