კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალიაში ყველა კომერციული დაწესებულება დაიხურება, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტელემიმართვაში იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა.
"ძალიან ვაფასებ თქვენს ძალისხმევას. დადგა დრო, მომდევნო ნაბიჯი გადავდგათ. ჩვენ ვხურავთ ყველა კომერციულ დაწესებულებას, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა", – განაცხადა კონტემ.
იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურება რესტორნები და ბარები. მუშაობას გააგრძელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე ბანკები და სადაზღვევო კომპანიები. ქარხნები კი, მუშაობას უსაფრთხოების ზომების დაცვით გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, 10 მარტიდან იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი დაწესდა. პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს განცხადებით, კარანტინი 3 აპრილამდე იქნება ძალაში.
იტალიაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 196 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში, იტალიაში გარდაცვლილთა რიცხვი 827-ს შეადგენს. ამასთან, ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა 2000-ით და ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ამჟამად იტალიაში კორონავირუსის დიაგნოზი 12 462 ადამიანს აქვს.




























