იტალიის ანტიმონოპოლიურმა მარეგულირებელმა მოდის ჯგუფი Giorgio Armani 3.5 მილიონი ევროთი დააჯარიმა, "უსამართლო კომერციული პრაქტიკის" საბაბით. კომპანია ბრალდებას არ აღიარებს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
გავრცელებულ განცხადებაში, მარეგულირებელი უწყება აღნიშნავს, რომ Giorgio Armani შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ავრცელებს კომპანიის ეთიკური და სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ, რაც მკვეთრად განსხვავდება მიმწოდებლებისა და ქვეკონტრაქტორების სამუშაო პირობებისგან. ამასთან, უწყების ინფორმაციით, Armani-ს ჩანთებისა და ტყავის ჩანთების უმრავლესობას მესამე პირი აწარმოებს.
მარეგულირებლის ცნობითვე, მიუხედავად იმისა, რომ Giorgio Armani მდგრადობას ყურადღებას აქცევს და ამას მარკეტინგულ ინსტრუმენტადაც იყენებს, სინამდვილეში, ქვეკონტრაქტორად ამუშავებს მწარმოებლებს, რომელთა თანამშრომლებიც ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის არასათანადო პირობებში მუშაობენ.
საპასუხო განცხადებაში Giorgio Armani აცხადებს, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილებას იტალიის რეგიონულ ადმინისტრაციულ სასამართლოში გაასაჩივრებს: "ჩვენი ჯგუფი მუდმივად გამოირჩეოდა მომხარებლისადმი განსაკუთრებული სამართლიანობითა და გამჭვირვალობით, რასაც კომპანიის ისტორიაც ადასტურებს".




























