იტალიურ მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, თუ რომელი კალათბურთელები გამოიმუშავებენ ყველაზე მეტ თანხას აპენინებზე. სიაში ვხვდებით ქართველი ფორვარდის, თორნიკე შენგელიას გვარსაც, რომელიც მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ ნიკოლა მიროტიჩს ჩამორჩება.
იტალიური გამოცემა Il pallone gonfiato წერს, რომ იტალიაში არსებული ხელფასები NBA-ისას ვერ შეედრება, რადგან ადგილობრივების საშუალო ანაზღაურება წლიურად 200 ათასი ევროა. ამასთან აპენინებზე გვხვდება ორი კლუბი, რომელთაც სხვებზე მეტი შესაძლებლობები აქვთ, ესენი არიან “ოლიმპია მილანო” და “ვირტუს ბოლონია”, რომლებიც საკუთარ კალათბურთელებს საშუალოდ 800 ათას ევროს უხდიან.
სიას სათავეში მილანის რიგებში მოთამაშე ნიკოლა მიროტიჩი უდგას, რომელსაც კლუბთან სამ წლიანი 6 მილიონიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და წელიწადში ორ მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ “ბარსელონაში” ასპარეზობისას მისი ანაზღაურება 8 მილიონ დოლარს შეადგენდა.
მეორე ადგილს კი ქართველი თორნიკე შენგელია იკავებს, რომელიც გასულ ზაფხულს ბერძნულ “პანათინაიკოსში” გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა ბოლონიურ “ვირტუსში” დარჩენა არჩია. შენგელიას კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე აკავშირებს, ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით და წლიურად 1,8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
მთლიანობაში კი იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე 5 ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი კალათბურთელის რეიტინგი ასე გამოიყურება:
5. გაბრიელ ლუნდბერგი (ვირტუს ბოლონია) - 1,5 მილიონი ევრო
4. მარკო ბელინელი (ვირტუს ბოლონია) - 1,55 მილიონი ევრო
3. ნიკოლო მელი (ოლიმპია მილანო) - 1,6 მილიონი ევრო
2. თორნიკე შენგელია (ვირტუს ბოლონია) - 1,8 მილიონი ევრო
1. ნიკოლა მიროტიჩი (ოლიმპია მილანო) - 2 მილიონი ევრო