საფეხბურთო ისტორიაში პირველად ევროპული ჩემპიონატის თამაში შესაძლოა ევროპის მიღმა ჩატარდეს.
საუბარია “მილანისა” და “კომოს” მატჩზე, რომელიც 2026 წლის 7 ან 8 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა რადგან "სან სიროზე" ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაა დაგეგმილი, რომელსაც მილანი-კორტინა უმასპინძლებს, შესაბამისად, გადაწყვიტეს, რომ იმ დღეებში იმავე სტადიონზე გასამართი თამაში სულ სხვა კონტინენტზე, კერძოდ ავსტრალიაში ჩატარდეს.
ამ ეტაპზე ინფორმაცია დადასტურებული არ არის, თუმცა იტალიური მედიის ცნობით, ფეხბურთის ფედერაციამ დღევანდელ ჩატარებულ სხდომაზე ამ საკითხს მხარი დაუჭირა.
შეხვედრა ავსტრალიის ქალაქ პერთში უნდა გაიმართოს, თუმცა, მანამდე კიდევ ოთხი თანხმობაა საჭირო: უეფას, ფიფას, ავსტრალიის ფეხბურთის ასოციაციისა და ოკეანეთის კონფედერაციის.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ახალი სეზონი სტარტს 23 აგვისტოს აიღებს.




























