ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ რადგან ჯერ უცნობია ევროკავშირის ტექნიკური მისია რა მანდატით ჩამოვა საქართველოში, მანამდე ვერ იტყვის ითანამშრომლებს თუ არა ცესკო მათთან.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 18 ნოემბრის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ევროკავშირის ტექნიკური მისია საქართველოში ჩამოვა და განვითარებულ მოვლენებს შეისწავლის. სხვა საკითხებზე, იქნება ეს არჩევნების შეფასება, სანქციები თუ უვიზო რეჟიმის შეჩერება, ევროკავშირში კონსენსუსი არაა.
"გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე უცნობია რა ტიპის ტექნიკურ მისიასთან არის დაკავშირებული, ასევე უცნობია მათი მანდატი და შესწავლის ობიექტი, ამ ეტაპზე მოკლებული ვარ შესაძლებლობას დავადასტურო ან უარვყო [თანამშრომლობა]. რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის რომ კანონის ფარგლებში , ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ იმისთვის, რომ ყველა ჩართულ მხარეს ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია", - ამბობს კალანდარიშვილი.
კალანდარიშვილი ამტკიცებს, რომ არჩევნების დღეს ხმის ფარულობა არ დარღვეულა და ამის დასტურად საქართველოში სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოჰყავს. იმ სასამართლოსი, რომელსაც დამოუკიდებლად არ მიიჩნევს არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილიც. "უკანა მხარეს გამოჟონვის კვალი, მარკერის კვალი არ ნიშნავს იმას, რომ პირის არჩევანი იდენტიფიცირებადი იყოს", - ამბობს ის.