მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ITB-ზე საქართველოზე უკეთეს პარტნიორს ვერც შევარჩევდით, მთელმა მსოფლიომ გაგიცნოთ“ - დებორა რუთი

640af06ced38b
ვიქტორია მღებრიშვილი
10.03.23 13:13
1040
„ITB-ზე საქართველოზე უკეთეს პარტნიორს ვერც შევარჩევდით, მთელმა მსოფლიომ გაიცნო საქართველო“ - ეს განცხადება ITB ბერლინის გამოფენის დირექტორმა დებორა რუთმა ITB ბერლინის ტურისტული გამოფენის ბოლო დღეს, საქართველოს სტენდთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძესთან შეხვედრისას გააკეთა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

დებორა რუთმა აღნიშნა, რომ საქართველოში მოგზაურობა და ქვეყნის შესწავლა ნამდვილად ღირს.

„ეს იყო სანახაობრივი გამოფენა. 3 დღის განმავლობაში მოეწყო საქმიანი შეხვედრები. ეს განსაკუთრებული გამოფენაა, რადგან პანდემიის შემდეგ ბერლინში ტურიზმის ინდუსტრიის ხელახლა შეკრებით დიდი განახლება მოხდა. ამ განახლებისთვის ITB-ზე საქართველოზე უკეთეს პარტნიორს ვერც შევარჩევდით. მოხარულები ვართ, რომ საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა. საქართველოში მოგზაურობა და შესწავლა ნამდვილად ღირს. ჩვენი გამოფენის შემდეგ ვფიქრობ მთელმა მსოფლიომ გაიცნო საქართველო და ძალიან ბევრი ეწვევა თქვენს მშვენიერ ქვეყანას“, - აცხადებს დებორა რუთი.

უწყების ინფორმაციით, ITB 2023-ის ტურისტულ გამოფენაზე მთავარი საქართველოს სტენდი 1000 კვ.მ.-მდე ტერიტორიაზე იყო განთავსებული, სადაც 80-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, გამოფენაში მონაწილეობდნენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, ტურისტული ასოციაციები, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და აეროპორტების გაერთიანება.


ცნობისთვის: 6-9 მარტს საქართველო ბერლინში ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველო როგორც მასპინძელი ქვეყანა წარსდგა. გამოფენაზე საქართველოს სოგანები - "გამოსცადე უსაზღვრო თავგადასავლები“, „დატკბი უსაზღვრო გასტრონომიით“ იყო და მის ფარგლებში საქართველოს ტურისტული ადგილები, ასევე გასტრონომიული კერძები ბერლინის ქუჩებში ბილბორდებზე გამოიფინა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტის თანახმად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოფენის მასპინძლობისთვის დეკორაციების და ავეჯის მოწყობაში 1,215,573 ევრო გადაიხადა. ხელშეკრულების საგანს გამოფენაზე მოწყობილი კონსტრუქციების მშენებლობაც იყო.

აღსანიშნია, რომ საერთაშორისო ტურისტული გამოფენის პარალელურად, საქართველოს დედაქალაქში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 7-8 მარტს აქციები გაიმართა, სადაც მოსახლეობა პარლამენტის მიერ „გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვეს ITB Berlin-ზე ჩასულმა ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები