სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ თანამდებობა დატოვა.
ნოზაძე პოსტზე 2017 წელს დაინიშნა, იქამდე კი 2013-17 წლებში იყო შპს "სათესლე და სარგავი მასალის წარმოების სამეცნიერო–საწარმოო ცენტრი აგრო ქართუს" გენერალური დირექტორი, რომლის წილის 100%-ს ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე ფლობს.
ნოზაძეს დამთავრებული აქვს თბილისის ფიზიკური კულტურის ტექნიკუმი 1980 წელს და პენზის (რუსეთის ფედერაცია) სამშენებლო ინსტიტუტი 1989 წელს.
რაც შეეხება ქონებრივ დეკლარაციას, ოჯახის წევრებში ნოზაძე მხოლოდ მეუღლეს, ლენა მამაცაშვილს უთითებს.
გამომდინარე იქიდან, რომ ანტიკორუფციულ სამსახურს დეკლარაციებზე წვდომა გასული წლის ნოემბრის ბოლოდან შეზღუდული აქვს და მიზეზად ტექნიკურ ხარვეზს ასახელებს და ამასთან bm.ge-ის არა ერთი მიმართვის მიუხედავად, არ გვაძლევენ დეკლარაციებს არც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესით მოთხოვნილ ინფორმაციაზე, გთავაზობთ გასულ წელს შევსებულ დეკლარაციას.
საქმე ის არის, რომ სანამ დეკლარაციები საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი, არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-მ მოამზადა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების ბაზა, სადაც თავმოყრილია 2017-2024 წლების (პორტალზე წვდომის სრულად შეზღუდვამდე) თანამდებობის პირთა მიერ შევსებულ დეკლარაციები.
2024 წლის თებერვალში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ნოზაძის ცოლი ლენა მამაცაშვილი ფლობს საჩხერეში 8 მიწის ნაკვეთს, რომლებიც ჩუქებით აქვს მიღებული.
თავად ნოზაძეს ეკუთვნის თბილისში შარტავას ქუჩაზე ორი კომერციული ფართი, რომლებიც 2016-17 წლებში აქვს შეძენილი. საცხოვრებელი სახლები თბილისში: 101 კვ.მ - მუხიანში და 189 კვ.მ ჭავჭავაძის გამზირზე. ასევე სახლს ფლობს საჩხერეში, რომელზეც მითითებული აქვს, "ავაშენე საკუთარი სახსრებით". ნოზაძის საკუთრებაა ორი ავტოფარეხიც დედაქალაქში.
დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის აწ უკვე ყოფილ მოადგილეს ავტომობილი არ ჰყავს, ლენა მამაცაშვილი კი ფლობს მსუბუქ ავტომობილ RAV-4-ს.
ნოზაძის წლიური თანამდებობრივი სარგო 84 637 ლარს შეადგენდა. ლენა მამაცაშვილს კი შპს "ახალი სერვისიდან" დახმარების სახით მიღებული ჰქონდა 16 800 ლარი.




























