TBC კაპიტალი კომპანიებს სხვადასხვა ტიპის ფასიან ქაღალდებში დაბანდებას სთავაზობს, რომლის ვადიანობა იურიდიული პირების საჭიროებისა და სურვილის მიხედვით განისაზღვრება.
როგორც TBC კაპიტალის დირექტორმა ოთარ შარიქაძემ "საქმიან დილაში" თქვა, საქართველოში კომპანიებს დაუგროვდათ გარკვეული კაპიტალი და დეპოზიტების გარდა, მათთვის დაბანდების სხვა არჩევანიც უნდა არსებობდეს.
"TBC კაპიტალში ყოველთვის ვუყურებთ ხოლმე რა ხდება განვითარებულ ბაზრებზე და ვცდილობთ ეს ტენდენციები გადმოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში. ერთ-ერთი სეგმენტი იურიდიული პირების ფინანსური მომსახურება იყო. ბოლო დროს უკვე ვხედავთ, რომ ქართული კომპანიები განვითარდნენ, გაიზარდნენ ზომაში და ასევე კორპორაციული მმართველობის კუთხითაც ჩნდება კითხვები თუ როგორ ვმართოთ ის ჭარბი ლიკვიდობა, რაც შეიძლება რაღაც პერიოდით კომპანიას გაუჩნდეს. ვხედავთ, რომ უფრო და უფრო მეტი კითხვა ჩნდება თუ როგორ შეიძლება დავაბანდოთ ფული, რადგან არიან კომპანიები, რომლებსაც აქვთ შემოდინებები და იციან, რომ მაგალითად სამ თვეში, ექვს თვეში სჭირდებათ ფული და აქამდე მას მხოლოდ დეპოზიტზე ინახავდნენ. მსოფლიოში პრაქტიკა აჩვენებს, რომ გარდა საბანკო პროდუქტებისა, ეს მოთამაშეები გადიან კაპიტალის ბაზარზე და აკეთებენ ინვესტიციას რისკიანობის და ვადიანობის მიხედვით.
აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, სერვისი შეგვეთავაზებინა. ვთავაზობთ როგორც სახაზინო ობლიგაციებს, ასევე სხვა ტიპის ევრობონდებს. დღესდღეობით საქართველოში იურიდიული პირების ფინანსური ჭარბი ლიკვიდობა რომ ავიღოთ, მხოლოდ 2%-ია დაბანდებული კაპიტალის ბაზარზე. დანარჩენი თანხა საბანკო სექტორშია, რომელიც, რა თქმა უნდა, წერს გარკვეულ მოგებას. უფრო განვითარებულ ქვეყნებში, დეპოზიტებზე დაახლოებით 40%-ია განთავსებული, დანარჩენი თანხა კი კაპიტალის ბაზარზე მიემართება ან ალტერნატიულ ინვესტიციებში", - ამბობს შარიქაძე.




























