"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, საქართველოს გააჩნია პოტენციალი კაპიტალური ბაზრის განვითარებისთვის რეგიონალური ცენტრი გახდეს. ამის შესახებ მან "თიბისი კაპიტალის" მიერ ორგანიზებული "კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო კონფერენციაზე" ჟურნალისტებს განუცხადა.
ვახტანგ ბუცხრიკიძე თქმით, კონფერენციაზე საუბარი იყო იმაზე, სად ვართ დღეს კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით, რა პოტენციალი აქვს საქართველოს და სად ვიქნებით 5 წლის შემდეგ.
"როგორც მოგეხსენებათ, კაპიტალის ბაზრები საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ძალიან სწრაფად ვითარდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო წელი, როცა ლოკალური ბაზრებზე ლარის გამოშვება გაორმაგდა და 2 მლრდ-ს მიაღწია. ვფიქრობთ, ეს ძალიან საინტერესო მიმართულებაა. საქართველოს გააჩნია პოტენციალი, გახდეს რეგიონალური ცენტრი კაპიტალური ბაზრის განვითარებისთვის.
დღეს ჩვენ შევძელით, გაგვეკეთებინა ის, რომ საერთაშორისო ექსპერტების, გლობალური საინვესტიციო ბანკების, მთავრობის წარმომადგენლების, ეროვნული ბანკის და ლოკალური კორპორაციული კომპანიები ერთად განიხილავენ ბაზრის პოტენციალს. ვფიქრობ, დღეს, იქნება ძალიან საინტერესო დისკუსია, სად ვართ დღეს და რა შეიძლება გაკეთდეს 3-5 წლის განმავლობაში. გვექნება საუბარი, როგორ შეიძლება გახდეს საქართველო რეგიონული ცენტრი ამ მიმართულებით" - განაცხადა ბუცხრიკიძემ.
ინფორმაციისთვის, კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის წამყვანი მოთამაშეები: J.P. Morgan, Citi, Fidelity Investments, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, Baker McKenzie, Dentons, BLC Law, Amundi, ADB, EBRD, IFC, ქართველი ემიტენტები და სხვა.