მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს გაიზარდა დიდი ბრენდული სასტუმროების დატვირთულობა და ფასიც - TBC Capital

სასტუმრო

TBC Capital-ის ტურიზმის სექტორის 2026 წლის 9 თვის მიმოხილვის თანახმად, დიდი ბრენდული სასტუმროების დატვირთულობა და ნომრების საშუალო ფასი გაიზარდა.

კერძოდ, მიმდინარე წლის 9 თვეში დიდი ბრენდული სასტუმროების საშუალო დატვირთულობამ 65% შეადგინა, რაც 3 პროცენტული პუნქტით მეტია გასული წლის შესაბამი მაჩვენებელზე. ყველაზე დიდი წლიური ზრდა იანვარსა (+12 პპ) და სექტემბერში (+10 პპ) დაფიქსირდა. სექტემბერში დატვირთულობამ 86%-ს მიაღწია და 2025 წლის აგვისტოს პიკურ მაჩვენებელს გაუტოლდა.

საინვესტიციო ბანკის ცნობითვე, ტურისტული ვიზიტების ზრდასთან ერთად დატვირთულობის მაჩვენებელი გაუმჯობესდა. მესამე კვარტალში წლიური კლება მხოლოდ აგვისტოში დაფიქსირდა, როდესაც მაჩვენებელი 9 პროცენტული პუნქტით, 77%-მდე შემცირდა. ეს ცვლილება ნომრის საშუალო ფასის ყველაზე მკვეთრ წლიურ ზრდას დაემთხვა.

რაც შეეხება ფასს, 2026 წლის პირველ 9 თვეში ოთახის საშუალო ღირებულება (ADR) წლიურად 14%-ით გაიზარდა და 154 დოლარი შეადგინა. ზრდა დაჩქარდა მესამე კვარტალში, როდესაც ADR-მა საშუალოდ 192 დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 25%-ით მეტია. განსაკუთრებით მაღალი წლიური ზრდა ივლისსა და აგვისტოში დაფიქსირდა, შესაბამისად, 32% და 37%. აგვისტოში ნომრის საშუალო დღიურმა ფასმა პერიოდის მაქსიმუმს, 209 დოლარს მიაღწია.

2026 წლის პირველ 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტები წლიურად 0.1%-ით გაიზარდა და 5.3 მლნ შეადგინა. ტურისტულმა ვიზიტებმა 2.3%-ით მოიმატა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.4%-ით გაიზარდა, 3,796 მლნ დოლარამდე.

ვიზიტების მატების მთავარი წყაროები ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი და უკრაინა იყო. ყველაზე დიდი უარყოფითი გავლენა კი ინდოეთიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან და საუდის არაბეთიდან ვიზიტების შემცირებამ იქონია.

TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანიდან ვიზიტების ზრდა მესამე კვარტალში დაჩქარდა. სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა გარდაბნის პუნქტით შემოსვლებიც. ინდოეთიდან ვიზიტების კლებას კი ხელი შეუწყო ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო IndiGo-ს მიერ თბილისის რეისების შეჩერებამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები