მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იურიდულმა კომიტეტმა "სიძულვილის ენის" აკრძალვაზე "ალმას" ინიციატივას მხარი გარკვეული დათქმით დაუჭირა

61603ac7e0ee9
შოთა ტყეშელაშვილი
08.10.21 16:36
602
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა შპს „ალმას“ საკანონმდებლო წინადადების იდეას, რომლის თანახმად, „საარჩევნო კოდექსში“ ან/და სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომლებიც შეზღუდავს/აკრძალავს თვითმმართველ ქალაქებსა და სხვა მუნიციპალიტეტებში საარჩევნო და საზოგადოებრივ პოლიტიკურ სფეროში სიძულვილის ენის შემცველი, საზოგადოების პოლარიზაციისა და აგრესიის გამომწვევი, არაეთიკური, არაკეთილსინდისიერი და სხვა პირებისა და პირთა ჯგუფებისადმი შეურაცხმყოფელი რეკლამის განთავსებას.

კომპანიამ პარლამენტს შესაბამისი ინიციატივით 3 ოქტომბერს მიმართა და განცხადებაში მიუთითა, რომ მათ კონტრაქტის ვადის ამოწურვისთანავე ანუ 2 ოქტომბერს ჩამოხსნეს ე.წ. "სისხლიანი ბანერები/არა ღალატს/არა ბოროტებას" და აღარ აპირებენ მომავალში იგივე შინაარსის ბანერები გააკრან.

ამასთან, კომპანია საზოგადოების და NCDC-ის კრიტიკის სამიზნე გახდა, რადგანაც მათ აღნიშნული ბანერების ნაწილი ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერებზე გადააკრეს.

პარლამენტის კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო წინადადებას იმ დათქმით, რომ რა ტიპის საკანონმდებლო რეგულაცია შემუშავდება, ამას კომიტეტი განსაზღვრავს.

„ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ სიძულვილის, ზიზღის და ღირსების შემლახველი ენით საუბარი წინასაარჩევნო პროცესში მიუღებელია. საკანონმდებლო წინადადება არ არის კანონპროექტის სახით წარმოდგენილი, რომელიც ჩვენ შეგვზღუდავდა მსჯელობაში, ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ავიღოთ იდეა, კონცეფცია და შინაარსი, რაც არის ჩადებული ამ წინადადებაში და ის ვაქციოთ საფუძვლად ამ საკითხზე მსჯელობისას. აღნიშნული საკითხი მხოლოდ წინასაარჩევნო პროცესის დროს დარეგულირდება, თუ წინასაარჩევნო პროცესის მიღმაც, ეს მსჯელობის შედეგად გამოიკვეთება“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღოს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები