მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იუსტიციის საბჭოში მოსამართლე წევრების არჩევის წესი უნდა შეიცვალოს - აშშ-ის საელჩოს რეკომენდაციები სასამართლოზე

62fcc826d630e
მარიამ ვარადაშვილი
17.08.22 14:55
706
საქართველოში აშშ-ის საელჩომ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით რეკომენდაციები მოამზადა. საელჩოს ცნობით, ეს რეკომედაციები წარედგინება პარლამენტს, სასამართლოს, სამოქალაქო საზოგადოებას და მართლმსაჯულების სისტემის სხვა დაინტერესებულ მონაწილეებს. რეკომენდაციები ეყრდნობა საელჩოს კომუნიკაციას პარლამენტთან და სხვა საკვანძო მხარეებთან.

საელჩოს ცნობითვე, რეკომენდაციები ასევე, ითვალისწინებს ვენეციის კომისიის, ეუთოს, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.

“იმედი გვაქვს, რომ ეს რეკომენდაციები ხელს შეუწყობს პარლამენტს და მართლმსაჯულების სისტემის სხვა მონაწილეებს, ნაბიჯები გადადგან კონსესუსისკენ. ასევე, იმედი გვაქვს, რომ რეკომენდაციები დაეხმარება პარლამენტს საკანონდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში, რომელთა მეშვეობითაც გაუმჯობესდება სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა, ეფექტიანობა და ანგარიშვალდებულება, ასევე, გაიზრდება საზოგადოების ნდობა ამ ინსტიტუტის მიმართ”,-აცხადებენ საელჩოში.

რეკომენდაციებში მოხვდა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის დანიშვნის საკითხიც. 

საელჩოს თანახმად, პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა გამჭვირვალე შერჩევა, სადაც ოპოზიციური პარტიების, იურიდიული პროფესიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ექნებათ კანდიდატთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა.

პარლამენტმა, ამ მნიშვნელოვანი ვაკანსიის შევსებისას, უნდა მოიაზროს მხოლოდ უმაღლესი კვალიფიკაციის, აპოლიტიკური კანდიდატები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ფართო პარტიათაშორისი მხარდაჭერით დანიშნოს. კანონმა, ასევე, უნდა გაითვალისწინოს პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნის პროცესი და შესაბამისობაში მოიყვანოს იგი წევრთა დანიშვნების რეკომენდებულ საპარლამენტო პროცესთან.

“იმისათვის, რომ გაძლიერდეს საბჭოში არამოსამართლე წევრთა ხმა და შეიქმნას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი რეალური მონაწილეობის შესაძლებლობა, რეკომენდაციას ვუწევთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის თანაფარდობის გადასინჯვას.

ასევე, რეკომენდაციას ვუწევთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ეტაპობრივ დანიშვნას, რათა არ მოხდეს საბჭოს სრული შემადგენლობის ერთდროული განახლება. ასევე, საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა უნდა შეწყდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც კანონით დადგენილი წესით აირჩევა/დაინიშნება მისი შემცვლელი. საუკეთესო გადაწყვეტა იქნებოდა ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, სადაც, ყოველ ჯერზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წევრთა მხოლოდ ერთი მესამედით განახლდება”,-წერია აშშ-ს საელჩოს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში.

საელჩოს ასევე მოუწოდებს პარლამენტს შეცვალოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრთა არჩევის წესი. 

საელჩოს რეკომენდაციით, კანონმდებლობით უნდა შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა არჩევის არსებული პროცედურა.
ყველა კანდიდატი ვალდებული უნდა იყოს, წინასწარ დარეგისტრირდეს და წარადგინოს თავისი ხედვა, რათა მოსამართლეთა კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ კენჭისყრამდე შეაფასონ კანდიდატის თანამდებობასთან შესაბამისობა.

თითოეულ კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიმართოს მოსამართლეთა კონფერენციას. ასევე, კონფერენციის მონაწილე თითოეულმა მოსამართლემ ხმა უნდა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს, შესავსები ვაკანსიების რაოდენობის მიუხედავად.

საელჩოს რეკომენდაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანსია უნდა შეივსოს იმ კანდიდატებით, რომლებიც დააგროვებენ ხმათა მეტ რაოდენობას. კანონის არსებული მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევისათვის აუცილებელია კონფერენციაზე დამსწრე წევრთა მინიმუმ 2/3-ის მხარდაჭერა, უნდა გაუქმდეს. მას შემდეგ, რაც ყველა ვაკანტური ადგილი შეივსება, დარჩენილი კანდიდატებისგან, მათ მიერ დაგროვილი ხმების კლებადობის მიხედვით, უნდა შედგეს სარეზერვო სია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში, ვაკანსია უნდა შეივსოს ამ სარეზერვო სიაში მყოფი შემდგომი კანდიდატით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის ოთხწლიანი უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

“იმისათვის, რათა თავიდან იქნას აცილებული ძალაუფლების კონცენტრაცია მოსამართლეთა მცირე ჯგუფის ხელში და შემცირდეს რამდენიმე ადმინისტრაციულ და ხელმძღვანელ პოზიციაზე მყოფ მოსამართლეთა ზეგავლენა სასამართლო სისტემაზე, კანონში უნდა შევიდეს ცვლილება და სასამრთლოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, კოლეგიისა და პალატის თავმჯდომარეს შეეზღუდოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევის შესაძლებლობა”, - აღნიშნულია რეკომენდაციაში.

საელჩოს კიდევ ერთი რეკომენდაციაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები საზოგადოებისთვის ღია უნდა იყოს და მისი პირდაპირი ტრანსლირება უნდა ხდებოდეს.

რეკომენდაციები ასევე ეხება სასამართლოს თავმჯდომარეობის დანიშვნის წესის ცვლილებასაც. კერძოდ, საელჩოს რეკომენდაციაა, რომ მსხვილ სასამართლოებში, თავმჯდომარის არჩევა უნდა მოხდეს აღნიშნული სასამართლოს მოსამართლეების მიერ იმავე პროცედურით, რაც შემოთავაზებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები