იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ასარჩევად მესამე ტური გაიმართება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კენჭისყრები სავარაუდოდ, 30 მაისს ჩანიშნულ პლენარულ სესიაზე გაიმართება.
საქმე ის არის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის კანდიდატურა ამ დრომდე ვაკანტური იყო, გუშინ გამართულ სხდომაზე სამი ხმათა უმრავლესობით აირჩიეს, ხოლო დარჩენილი ორი კანდიდატურა დღეს, მეორე ტურის ფარგლებში უნდა აერჩიათ.
თუმცა, დღეს კენჭისყრის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რეკომენდაციით მიმართა უმრავლესობას და ურჩია, ყველა კანდიდატურა ჩაეგდოთ, ვინაიდან არამოსამართლე წევრების საკითხზე დამატებითი კონსულტაციები გაიმართოს. შესაბამისად, დღესვე მეორე ტურის კენჭისყრები გაიმართა და ყველა კანდიდატურა ჩავარდა.
რაც შეეხება დარჩენილ სამ წევრს, ისინი გუშინ დაამტკიცეს. კენჭისყრა ფარული იყო: ტრისტან ბენაშვილმა 93 ხმა აიღო, გიორგი გზობავამ - 91 და ზურაბ გურასპაშვილმა - 93. როგორც მოგვიანებით გაირკვა, „ქართული ოცნების“ მიერ მოწონებულ კანდიდატებს, ოპოზიციის 5-მა წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი, რასაც ოპოზიციისგან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა.
უცნობია, ჩაერთვება თუ არა კონსულტაციებში ოპოზიცია.




























