იუსტიციის სამინისტრო 5 მილიონი ლარით, 70 მილიონ ლარამდე ზრდის საერთაშორისო სასამართლოებსა და არბიტრაჟებში იურისტების დაქირავების ბიუჯეტს. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული თანხა 2025 წელს დაიხარჯება და ის 2024 წელთან შედარებით 5 მილიონი ლარით მეტია.
უცნობია, უკავშირდება თუ არა იურისტების დაქირავების ბიუჯეტის ზრდა საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ საქმეზე "ENKA საქართველოს წინააღმდეგ" მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც ნამახვანის პროექტში ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, საქართველოს მთავრობას კომპენსაციის სახით 383 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრება. აღნიშნულ დავაში მთავრობის ინტერესებს საერთაშორისო კომპანია White & Case-ი იცავდა, რომლის იურისტებისთვის გადახდილმა ჰონორარმა უშუალოდ ამ დავაში, ამ დრომდე 25 მილიონი ლარი შეადგინა. მთავრობის ინფორმაციით, საქმეზე განხილვები გრძელდება.
საქართველოს მთავრობა ჩართულია ათამდე საინვესტიციო დავაში, რომელთა ფარგლებში მოთხოვნილი მთლიანი კომპენსაცია 1.7 მილიარდ დოლარს შეადგენს. ფინანსთა სამინისტრო ამ დავების წაგებიდან მომდინარე რისკებზე 2025 წლის ბიუჯეტის ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში წერს.
საქართველოს მთავრობა ამ საარბიტრაჟო დავებში იურისტების დაქირავებაზე მილიონობით ლარს ხარჯავს. 2020 წლიდან დღემდე იურისტებისთვის გადახდილი თანხები 230 მილიონი ლარია, მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებული კონტრაქტები საერთაშორისო იურიდიულ ფირმა White & Case-თან არის გაფორმებული, რომლებშიც იუსტიციის სამინისტრომ 2020 წლის შემდეგ 171 მილიონი ლარი გადაიხადა. იურიდიული ფირმა AARPI-ის სერვისებში 31 მილიონი ლარი, Dechert-ის დაქირავებაში კი 25 მილიონი ლარი არის გადახდილი.
არსებული მდგომარეობით, საქართველოს საარბიტრაჟო დავები ორ კატეგორიად იყოფა: ერთია საერთაშორისო კომპანიების საინვესტიციო დავები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, ხოლო მეორეა საქართველოს მთავრობის დავები ინფრასტრუქტურის მშენებელ ურჩ კონტრაქტორებთან (ძირითადად საგზაო პროექტებზე), რომლებმაც ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს.
რამდენიმე საარბიტრაჟო დავის მოთხოვნილი კომპენსაციები:
• “ზაზა ოქუაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $328.2 მილიონი დოლარი;
• მაგთის მფლობელი კომპანიების - „TELCELL WIRELESS LLC“ და „INTERNATIONAL TELCELL CELLULAR LLC“ საქართველოს წინააღმდეგ - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $154 მილიონი დოლარი;
• ENKA Renewables საქართველოს წინააღმდეგ, მოთხოვნილი კომპენსაცია $383.2 მილიონი დოლარი.
საარბიტრაჟო დავების ფარგლებში დაქირავებული იურიდიული ფირმების მიერ მიღებული ანაზღაურებები ასე ნაწილდება:
იურიდიული კომპანია | 2020 წლიდან დღემდე დავის ფარგლებში გადახდილი ანაზღაურება | დავის საგანი |
White & Case LLP | 69,984,176 ლარი; | ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ბობ მეიერის საინვესტიციო დავა. დავის სტატუსი - დასრულდა სახელმწიფოს გამარჯვებით. |
Dechert (Paris) LLP | 25,156,957 ლარი; | ბიზნესმენ ნასიბ ჰასანოვის დავა კავკასუს ონლაინში სპეციალური მართვის რეჟიმის დანიშვნაზე. დავის სტატუსი - მიმდინარე. |
WHITE & CASE LLP | 25,074,951 ლარი; | ENKA-ს საინვესტიციო დავა ნამახვანჰესის პროექტზე. დავის სტატუსი - დასრულდა ინვესტორის გამარჯვებით, თუმცა მთავრობა გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. |
White & Case LLP | 23,449,187 ლარი; | დავა სამშენებლო კომპანია "ტოდინისთან" სამტრედია გრიგოლეთის გზის დაუსრულებელ მონაკვეთზე - დავის სტატუსი უცნობია |
AARPI Gaillard Banifatemi Shelbaya Siino | 22,651,493 ლარი; | "მაგთის" მფლობელი კომპანიების TELCELL WIRELESS LLC“ და „INTERNATIONAL TELCELL CELLULAR LLC-ის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ. დავის სტატუსი - დასრულდა ინვესტორის გამარჯვებით, თუმცა სახელმწიფომ განაჩენი გაასაჩივრა. |
White & Case LLP | 16,253,877 ლარი; | დავები სამშენებლო კომპანიებთან "ასტალდისთან", "ტოდინისთან" და Behlen-თან. დავის სტატუსი - უცნობია |
White & Case LLP | 15,426,650 ლარი; | ინტერ რაოს საინვესტიციო დავა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. დავის სტატუსი - დასრულდა ინვესტორის გამარჯვებით, თუმცა სახელმწიფომ განაჩენი გაასაჩივრა. |
AARPI Gaillard Banifatemi Shelbaya Siino | 8,696,364 ლარი; | ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის საინვესტიციო დავა საქართველოს წინააღმდეგ. დავის სტატუსი - მიმდინარე. |
White & Case LLP | 8,604,182 ლარი; | დავა სამშენებლო კომპანია ალტკომის წინააღმდეგ. დავის სტატუსი - მიმდინარე/უცნობია |
White & Case LLP | 8,425,974 ლარი; | დავა კომპანია Behlen industries L.P.-სთან დავა უკავშირდება სტადიონების მშენებლობის კონტრაქტს. დავის სტატუსი - უცნობია. |
White & Case LLP | 3,783,077 ლარი; | დავა სამშენებლო კომპანია "ტოდინისთან". დავის სტატუსი - უცნობია/მიმდინარე |
Shearman & Sterling LLP | 1,227,946 ლარი; | "მაგთის" მფლობელი კომპანიების TELCELL WIRELESS LLC“ და „INTERNATIONAL TELCELL CELLULAR LLC-ის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ. დავის სტატუსი - დასრულდა ინვესტორის გამარჯვებით, თუმცა სახელმწიფომ განაჩენი გაასაჩივრა. |
Shearman & Sterling LLP | 754,832 ლარი; | ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის საინვესტიციო დავა საქართველოს წინააღმდეგ. დავის სტატუსი - მიმდინარე. |
HAUSSMANN ASSOCIÉS / SQUIRE PATTON BOGGS | 438,058 ლარი; | Basel LLC Waldman-ის საინვესტიციო დავა საქართველოს წინააღმდეგ. დავის სტატუსი - მიმდინარე. |