იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული ნაკრებისა და “იუვენტუსის” ნახევარმცველი ნიკოლო ფაჯოლი 12-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. მიზეზი პროფესიონალი სპორტსმენისთვის აკრძალული ფსონების განთავსებაა.
12 თვიდან სპორტულ კარიერას მხოლოდ 7 თვე შეეხება, 5 თვის სანაცვლოდ კი ფაჯოლი 12 500 ევროს გადაიხდის, რასთან ერთადაც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებელ ცენტრებში დაიწყებს სიარულს. ფეხბურთელს დაბრუნება მაისში ჩემპიონატის მიწურულს, ბოლო ორ ტურში შეეძლება. ფაჯოლის დისკვალიფიკაციის მიუხედავად გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლება აქვს.
ცნობისთვის, სპორტული კოდექსის 24-ე მუხლი პროფესიონალ ფეხბურთელებს საფეხბურთო ღონისძიებებზე ფსონების დადებას უკრძალავს და აღნიშნული ქმედება 3 წლიან დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს. ფაჯოლის შემთხვევაში სიტუაცია გაამარტივა იმ ფაქტმა, რომ მოთამაშემ თავად მიმართა პროკურატურას, ითანამშრომლა მათთან და აღიარა დანაშაული.
სასჯელი იმანაც შეამცირა, რომ ნიკოლოს ფაჯოლის ფსონები თავისი გუნდის, “იუვენტუსის” თამაშებზე არ დაუდვია. ამგვარად, საპროცესო შეთანხმება მოხდა, რომლის საფუძველზე ფეხბურთელი მომდევნო სეზონიდან კარიერის გაგრძელებას მოახერხებს.