ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა კვარტალური მოგების ზრდის კუთხით ბოლო სამი წლის ყველაზე სუსტი მაჩვენებელი დააფიქსირეს, რამაც სექტორის აქციების აღდგენის მოლოდინში მყოფ ინვესტორებს ეჭვები გაუღრმავა.
კერძოდ, 2025 წლის ოქტომბერ-დეკემბერში Hang Seng Tech Index-ში შემავალი 30 კომპანიის შემოსავლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-ით შემცირდა. ეს 2022 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია, როდესაც ტექნოლოგიურ სექტორზე დაწესებულმა რეგულაციებმა და კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ სამომხმარებლო დანახარჯების სუსტმა აღდგენამ მოგებაზე უარყოფითად იმოქმედა.
ჰონკონგის ბირჟაზე დალისტული ტექნოლოგიური კომპანიების ინდექსი წელს 14%-ით არის შემცირებული.
მარტში ანალიტიკოსების მიერ ერთ აქციაზე მოგების (EPS) საპროგნოზო მაჩვენებელი 9%-ით შემცირდა, რადგან ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების, როგორებიც არიან Tencent Holdings და Alibaba Group Holding, შედეგებზე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გაწეული უზარმაზარი დანახარჯები აისახა.
Alibaba-მ AI-ის მიმართულებით მომდევნო წლებში 53 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების პირობა დადო, ხოლო Tencent-ი გეგმავს, 2026 წელს დანახარჯები მინიმუმ გააორმაგოს და 5.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს.
ინვესტორები და ანალიტიკოსები სვამენ კითხვას, გამოიღებს თუ არა ეს ინვესტიციები შედეგს. პარალელურად, ბაზარი სკეპტიკურად უყურებს მთავრობის ე.წ. "ანტი-ინვოლუციური" (ზედმეტი შიდა კონკურენციის საწინააღმდეგო) პოლიტიკის ეფექტიანობას ელექტრონულ კომერციასა და ელექტრომობილების სექტორში კონკურენციის შერბილებისა და მარჟის დამანგრეველი საფასო ომების შეჩერების კუთხით.
JPMorgan Chase & Co-ს ანალიტიკოსების შეფასებით, მომდევნო სამი თვის განმავლობაში Alibaba-ს აქციები, სავარაუდოდ, ვიწრო დიაპაზონში იმოძრავებს, სანამ არ გამოჩნდება "უფრო მკაფიო მტკიცებულება, რომ ბიზნესის იმპულსი უმჯობესდება და საინვესტიციო ტვირთის ათვისება მარტივდება".




























