აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ჩინური კომპანიების, მათ შორის Alibaba-ს, Baidu-ს, ავტომწარმოებელ BYD-ისა და NIO-ს წინააღმდეგ ახალი შეზღუდვები დააწესა. უწყების განმარტებით, დასახელებული სუბიექტები ჩინეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს აქტიურად ეხმარებიან და კავშირში არიან ჩინეთის მთავრობასთან.
პენტაგონის "შავი სია" იმ კომპანიებს აერთიანებს, რომლებიც ჩინეთის თავდაცვის სექტორთან ან სახელმწიფო აქტივების ზედამხედველობისა და ადმინისტრირების ორგანიზაციასთან პირდაპირ კავშირში იმყოფებიან.
როგორც ირკვევა, მიღებული დადგენილება პირდაპირ სანქციებს არ ითვალისწინებს, თუმცა მიმდინარე თვის ბოლოდან აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს ჩამოთვლილ კომპანიებთან პირდაპირი კონტრაქტების გაფორმება სრულად აეკრძალება. ამასთან, 2027 წლის ივნისიდან იკრძალება მათი პროდუქციისა თუ მომსახურების მესამე პირების მეშვეობით შესყიდვაც. ექსპერტების შეფასებით, ეს ირიბი შეზღუდვები ამერიკულ ფირმებს, რომლებიც პენტაგონთან თანამშრომლობენ, ჩინური მომწოდებლების პროდუქციაზე უარის თქმას აიძულებს და ინსტიტუციურ ინვესტორებს მათი აქციების გაყიდვისაკენ უბიძგებს.
პეკინი ვაშინგტონის ამ პოლიტიკას დისკრიმინაციულად მიიჩნევს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა საკუთარი კომპანიების ლეგიტიმური უფლებების დასაცავად ყველა საჭირო ზომას აუცილებლად მიიღებს და პენტაგონის ამ ქმედებას გაასაჩივრებს.
ამასთან, სიაში შეყვანილმა კომპანიებმა პენტაგონის ბრალდებები ოფიციალურად უარყვეს. Alibaba-ს განცხადებით, კომპანია არანაირ სამხედრო-სამოქალაქო სტრატეგიაში არ მონაწილეობს და საკუთარი უფლებების დასაცავად სამართლებრივ დავას აპირებს. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა Baidu-მაც, ავტომწარმოებელ NIO-ში კი განმარტეს, რომ შესყიდვების შეზღუდვა მათ ბიზნესზე გავლენას ვერ მოახდენს.




























