მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IV კვარტალში სამაცივრე მეურნეობებმა მომსახურების გაწევით ₾6.9 მლნ შემოსავალი მიიღეს

63ee4a7b97c57
ვიქტორია მღებრიშვილი
16.02.23 19:35
797
2022 წლის IV კვარტალში საქართველოში 252 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რაც 2021 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 110 ერთეულით აღემატება.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის შედეგების მიხედვით, მოქმედი სამაცივრე მეურნეობების უმრავლესობა - 69.8% შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. სამაცივრე მეურნეობები ასევე ქ. თბილისში (9.9%), კახეთში (5.6%), ქვემო ქართლის რეგიონში (4%), აჭარის ა.რ.-ში (3.6%), იმერეთში (3.2%), სამეგრელო-ზემო სვანეთში (2.8%), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (0.8%) და სამცხე-ჯავახეთში (0.4%) მოქმედებს.

გასული წლის IV კვარტალში გაიზარდა მომხმარებელთა რაოდენობაც და ამ პერიოდში მეურნეობები 330 მოემსახურნენ. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეისყიდეს - 741 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 482 კაცით განისაზღვრა.

2022 წლის IV კვარტალის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 99.9 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 52.3% - ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 22.0% - ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 13.8% - ხილი და ბოსტნეული, 8.7% - თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში 2022 წლის IV კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 16.4%-ს - საკუთარი წარმოების, 13.7%-ს - შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 69.9%-ს მომსახურების სახით შენახული პროდუქციის მოცულობა შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 6.9
მლნ ლარი შეადგინა.

2022 წლის IV კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 117.5 მლნ ლარის ღირებულების (20.1 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში,
იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 22.2%, საკუთარი წარმოების პროდუქციამ - 32.4%, ხოლო შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ - 45.4%. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 62.6% მოდიოდა ქათმის ხორცზე.

ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (41.7%), პირუტყვის ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (31%) და თევზეულზე (12.8%) მოდის.

საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ საზღვარგარეთის ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 7.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 6.2%-ს შეადგენს. ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, თევზეული, ხილი და ბოსტნეული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) ოქტომბერში 56.8%-ს, ნოემბერში - 57.4%-ს, ხოლო დეკემბერში - 52.1%-ს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები