საქსტატის საწარმოთა საქმიანობის შედეგების მიხედვით, 2025 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 839.2 ათასით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.4%-ით მეტია.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.3% ქალი იყო, ხოლო 56.7% — კაცი.
აღსანიშნავია, რომ ნახევარზე მეტს მცირე და საშუალო ბიზნესი ასაქმებს. კერძოდ, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.4% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.4% — საშუალოზე, ხოლო 39.2% — მცირე ბიზნესზე.
საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 782.8 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4%-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 6.3 მილიარდი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.1%-ით მეტი).
IV კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამმუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები.

დასაქმებულთა რაოდენობის ნახევარზე მეტი დედაქალაქზე მოდის. უფრო დეტალურად, მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით ასე განაწილდა:
- თბილისი – 66.5%;
- აჭარის ა.რ. – 10.2%;
- იმერეთი – 5.9 პროცენტი;
- ქვემო ქართლი – 5.1%;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.2%;
- კახეთი – 2.6%;
- შიდა ქართლი – 2.2%;
- მცხეთა-მთიანეთი – 1.7%;
- სამცხე-ჯავახეთი – 1.4%;
- გურია – 0.9%;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.3%.




























