მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IV კვარტალში სასაკლაოების მომსახურება გაძვირდა - რა ღირდა საქონლის და ღორის დაკვლა?

სასაკლაოები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში 124 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, რაც 6 ერთეულით მეტია, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.

საქსტატის ინფორმაციით, სასაკლაოთა 17.7% კახეთის რეგიონში მდებარეობს, 16.9% ქვემო ქართლის რეგიონში, 16.1% - შიდა ქართლის რეგიონში, 14.5% - იმერეთის რეგიონში, 11.3% - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 8.9% მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ხოლო 14.5% - სხვა რეგიონებშია განთავსებული.

ამასთანავე, გასული წლის IV კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 137.4 ათასი სული პირუტყვი, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24.1 ათასით მეტი. დაკლულ ცხოველთა უმრავლესობა, 58%, ღორი იყო, 35.4% - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 4.8% კი - ცხვარი და თხა. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 მილიონ 179 ათასი ერთეულით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ, ერთი წლით ადრე, დაკლულ ცხოველთა უმრავლესი წილი - 45.3% - მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე მოდიოდა.

სასაკლაოების მიერ 2023 წლის IV კვარტალში 17 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული, ფრინველის ხორცის ჩათვლით, რაც 2.9 ათასი ტონით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში წარმოებული ხორცის რაოდენობას. IV კვარტალში წარმოებული ხორცის 34.3% მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე მოდის, 34.0% - ფრინველის ხორცზე, 30.8% - ღორის ხორცზე, 0.8% - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

ამავე პერიოდში, მომსახურება გაეწია 11.1 ათას პირს, საიდანაც 45.5% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 1 073 კაცი შეადგინა.

რაც შეეხება სასაკლაოთა მომსახურების საფასურს, IV კვარტალში ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასები შემდეგი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 35.7 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური - 13.9 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური - 30.2 ლარი. ცნობისთვის, 2022 წლის ამავე პერიოდში სასაკლაოების მომსახურების ფასი ასეთი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 33.7 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური - 12.9 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური - 28.0 ლარი.

სასაკლაოთა მომსახურების საშუალო ღირებულება 2022 წლის IV კვარტალის შემდეგ, საშუალოდ, 1.7 ლარით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები