IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.3% შეადგინა.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული სამუშაო ძალის მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა 74.3 ათასი კაცით (8.4%) გაიზარდა და 958.4 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 6.6 ათასით შემცირდა (1.6%) და 413.8 ათასი შეადგინა.
ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 0.9 ათასით (0.4%) და 248.6 ათასი შეადგინა. 2023 წლის IV კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54.3%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 1.8 პროცენტული პუნქტით და 46% შეადგინა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.7 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.8 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 47.5%-ს და 43.9%-ს შეადგენს.
2023 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69.8% შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში წლიურად 0.2 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.6 პროცენტული პუნქტით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2023 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.0 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 13.5%-ს და 16.8%-ს შეადგენს.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2023 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44.3%-ს, ხოლო კაცებში 65.9%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.9 პროცენტული პუნქტით.
2023 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია ქალებში 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.2 პროცენტული პუნქტით.