მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივანე ჩხაიძე ტიკარაძის გადადგომის სავარაუდო მიზეზად უვადო „მწვანე პასპორტს“ ასახელებს

61b3095cd47ff
ინგა მურუსიძე
10.12.21 12:40
619
ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგა. განცხადება მან „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გააკეთა და თქვა, რომ საქმიანობას პარტიის პოლიტსაბჭოში გააგრძელებს. თანამდებობის დატოვების კონკრეტულ მიზეზზე ყოფილ მინისტრს არაფერი უთქვამს, მაგრამ ბოლო პერიოდში მედიაში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ  covid-გადატანილებისთვის უვადო "მწვანე პასპორტის" სტატუსის მინიჭებაზე მას პრემიერთან უთანხმოება ჰქონდა. 

იმუნიზაციის საბჭოს წევრი, იაშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძეც ამბობს, რომ ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის და პრემიერთან უთანხმოების სავარაუდო მიზეზი, სავარაუდოდ, სწორედ „მწვანე პასპორტების“ თემა უნდა ყოფილიყო.

„სავარაუდოდ, ეს უნდა ყოფილიყო უთანხმოების მიზეზი. ჯანდაცვის სამინისტრო, ისევე, როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფი, ვთვლიდით, რომ თუ გვინდა, საქართველოში რეალურად მოქმედი "მწვანე პასპორტი" იყოს, აქ უნდა დაფიქსირდეს ვადა – კორონავირუსის გადატანიდან ექვსი თვის პერიოდი. ეს იყო ძირითადი მოთხოვნა, ეს არის ჩვენი რეკომენდაციაც და ეს არის მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, კოვიდ-გადატანილებისთვის „მწვანე პასპორტების“ უვადოდ მინიჭების საკითხის გადახედვა განსაკუთრებით აქტუალური გახდა 25 ნოემბრის შემდეგ, რაც ჯანმომ „ომიკრონის“ შესახებ განაცხადა.

„შესაძლებელია, ეს თემა სადღაც 6-8 თვის უკან, „დელტას“ შემოსვლამდეც კი არ ყოფილიყო ასეთი აქტუალური. ამ ვადებს სრულიად განსაკუთრებული ელფერი შესძინა ჯანმო-ს 25 ნოემბრის გადაწყვეტილებამ. „ომიკრონის“ საფრთხის გამო ახლა სხვა რეალობაში ვართ, ვიდრე თუნდაც რამდენიმე თვის წინ ვიყავით, ამიტომ ვფიქრობთ, ეს საკითხი კიდევ ერთხელ უნდა იყოს განხილული და გადახედილი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები