ფინანსთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, კონტრაბანდული გზით თამბაქოს შემოტანის პრობლემა დგას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველომ ევროკავშირის გზამკვლევზე უარი თქვას.
საქმე იმაშია, რომ აქციზის გადასახადის მატების გამო საქართველოში სიგარეტი მკვეთრად გაძვირდა. შედეგად, იმატა კონტრაბანდული საქონელის შემოტანამ. ინფორმაციას ამა თუ იმ საბაჟო პუნქტზე უაქციზო სიგარეტის ამოღების შესახებ თავად შემოსავლების და საგამოძიებო სამსახურები ავრცელებენ.
მაჭავარიანი ფიქრობს, რომ თამბაქოს აქციზზე ფასის მატება სწორი გადაწყვეტილება იყო და ეს ციფრებითაც დასტურდება.
„თამბაქოს მწარმოებლებთან და იმპორტიორებთანაც გვაქვს აქტიური კომუნიკაცია. პირობა, რომ ყოველი მომდევნო 2 წლის გეგმები გავაცნოთ ერთმანეთს, ძალაშია და სრულდება. ზოგადად, ჩვენ გვაქვს გაწერილი ვადა, თუ რა ვადაში როგორ უნდა მივუახლოვდეთ იმ სააქციზო განაკვეთებს, რომელიც აქვს ევროკავშირს. რაც შეეხება მომატებულ კონტრაბანდას, ეს პრობლემა არსებობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარი ვთქვათ ევროკავშირის გზამკვლევზე, ეს ნიშნავს, რომ საზღვრები მეტად უნდა დავიცვათ, ხოლო შემოსავლების და საგამოძიებო სამსახურებმა უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ, რასაც ისინი აკეთებენ კიდეც.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ აქციზი გავზარდეთ და ამან კოტრაბანდული ზეწოლა გამოიწვია, ჩვენ 2019 წელს რეკორდული თანხა შემოგვივიდა ბიუჯეტიდან და წელსაც აქციზი არის ერთ-ერთი ის პოზიცია საგადასახადო შემოსავლების, რომელიც არ დაზარალებულა და შემცირება არ გვაქვს. მიუხედავად ამ ყველა საუბრებისა, გადაწყვეტილება იყო სწორი, ამას ადასტურებს ციფრები და მომავალში აქტიურად და გამჭვირვალედ ვითანამშრომლებთ ამ სექტორთან“, - განაცხადა მაჭავარიანმა.




























