მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თამბაქოზე, ალკოჰოლსა და შაქარზე დაწესებული გადასახადები უკეთ უნდა შეესაბამებოდეს მათ მიერ მიყენებულ ზიანს - IMF-ის ბლოგი

imf
24.04.26 18:55
275

ავტორები - კრისტოფერ როზენბერგი და მარიუს ვან ოორდი - IMF

„არაფერია ისე გარდაუვალი, როგორც სიკვდილი და გადასახადები“,- წერდა ბენჯამინ ფრანკლინი 1789 წელს. თუმცა, რა მოხდება, თუ გადასახადებს პირველის გადავადება მაინც შეუძლია? სწორედ ეს არის არაჯანსაღ პროდუქტებზე, მათ შორის ალკოჰოლზე, თამბაქოსა და შაქარზე, აქციზის დაწესების ერთ-ერთი მიზეზი.

ასეთი გადასახადები მიმზიდველი საშუალებაა როგორც ქვეყნის შიდა საგადასახადო შემოსავლების მობილიზებისთვის, ისე მოსახლეობის ჯანსაღი ქცევის წასახალისებლად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბალი შემოსავლის მქონე და ღარიბი ქვეყნებისთვის, სადაც საგარეო დახმარების მოცულობა მცირდება. გარდა ამისა, მოწევისა და ალკოჰოლის მოხმარების შემცირება ხელს უწყობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯების დაზოგვას.

ე.წ. „ცოდვის“ ანუ „ქცევითი“ გადასახადები ათასწლეულებს ითვლის: ლუდზე გადასახადი ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში, ძვ.წ. 2400 წელს არსებობდა. ამგვარი მოსაკრებლების სიცოცხლისუნარიანობა, ნაწილობრივ, ადმინისტრირების სიმარტივით აიხსნება. თუმცა, ბოლო წლებში ბაზარზე უამრავი ახალი პროდუქტის გამოჩენამ - იქნება ეს ელექტრონული სიგარეტები, ნიკოტინის ბალიშები (pouches) თუ დაბალალკოჰოლური ლუდი - ახალი გამოწვევები წარმოშვა. ჯანდაცვის მიზნების მისაღწევად პოლიტიკის გამტარებლებმა ფეხი უნდა აუწყონ ამ პროცესებს და მოაწესრიგონ ხშირად არაეფექტური საგადასახადო სისტემები. ამ საქმეს საგადასახადო და ჯანდაცვის მონაცემების გაერთიანება აადვილებს.

სტაბილური შემოსავალი

ბიუჯეტის დეფიციტის პირობებში, აქციზი თამბაქოზე, ალკოჰოლსა და შაქარზე სახელმწიფო შემოსავლების საიმედო და პოლიტიკურად ნაცადი წყაროა, რაც საშუალოდ მშპ-ის 2 პროცენტს შეადგენს როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, რომ განვითარებად ეკონომიკებში აქციზის დაწესება სულ უფრო პოპულარული ხდება, განვითარებულ ქვეყნებში ამ გადასახადიდან შემოსავლების კლება შეინიშნება, რაც ძირითადად ინფლაციით და მომხმარებელთა ქცევის ცვლილებითაა განპირობებული.

ყველაზე დიდ საბიუჯეტო შემოსავალს თამბაქოს დაბეგვრა იძლევა, მას მოჰყვება ალკოჰოლი. შაქრიან სასმელებზე გადასახადი ჯერ კიდევ იშვიათია და შედარებით მოკრძალებული შემოსავლით ხასიათდება.

როგორ შეუძლიათ მთავრობებს ოპტიმიზაცია გაუკეთონ როგორც საგადასახადო შემოსავლებს, ისე ჯანმრთელობისთვის მიღებულ სარგებელს? მხოლოდ გადასახადების მუდმივი ყოველთვის გამოსავალი არ არის: ადრე თუ გვიან, მომხმარებლები სიგარეტის მოწევის ან ალკოჰოლის მიტოვების ნაცვლად დაუბეგრავ ან უაქციზო (კონტრაბანდულ) ალტერნატივებზე გადავლენ. პოლიტიკური გადაწყვეტილებების საფუძველი უნდა გახდეს ჯანმრთელობის რისკების სიღრმისეული ანალიზი და იმის გააზრება, თუ როგორ რეაგირებენ მომხმარებლები და მწარმოებლები გადასახადებზე.

ეს მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც ეფუძნება სამ პრინციპს: ყველა არაჯანსაღი პროდუქტის მოცვა; საგადასახადო განაკვეთების შესაბამისობა ჯანმრთელობისთვის პოტენციურ ზიანთან; და სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობა გადასახადებისგან თავის არიდებისა და კონტრაბანდის აღსაკვეთად.

ამოვქოლოთ ყველა ხვრელი

ქვეყნების უმეტესობა ბეგრავს მავნე პროდუქტებს, თუმცა საგადასახადო სისტემებში არსებული ხარვეზები საკმაოდ ბევრია. მაგალითად, ჰონკონგში ღვინო საერთოდ არ იბეგრება, მაშინ როცა სპირტიან სასმელებზე გადასახადი 100 პროცენტს აჭარბებს. სან-ტომე და პრინსიპიში პალმის ღვინო — ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელი — გადასახადისგან გათავისუფლებულია, სხვა ალკოჰოლური სასმელები კი იბეგრება. ეთიოპიაში „ქათი“ (kat), პოპულარული რეკრეაციული სტიმულატორი, რომელიც გულ-სისხლძარღვთა და ფსიქიკურ პრობლემებს იწვევს, არ იბეგრება, თუმცა თამბაქოსა და ალკოჰოლზე მაღალი აქციზია დაწესებული. ასეთი საკანონმდებლო ხვრელების ამოვსებამ შეიძლება გაზარდოს ბიუჯეტი და გააუმჯობესოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობა.

ზიანის შესაბამისი ფასი

პოლიტიკის მიმღებებმა უფრო ფართოდ უნდა იფიქრონ იმაზე, თუ როგორ შეცვალონ არაჯანსაღი ქცევა. იდეალურ შემთხვევაში, გადასახადის დონე უნდა ასახავდეს პროდუქტის მიერ მიყენებული ზიანის ხარისხს, ამასთანავე უზრუნველყოფდეს საბიუჯეტო შემოსავლების სტაბილურობას. თუმცა, სირთულე ამ ზიანის განსაზღვრაშია, რაც მოიცავს როგორც პირდაპირ გავლენას მომხმარებელზე, ისე ირიბ ზიანს სხვებისთვის (მაგალითად, პასიური მოწევა ან ნასვამ მდგომარეობაში მართვა).

ზიანი დამოკიდებულია პროდუქტის შემადგენლობაზე (ეთანოლი, შაქარი, ტოქსიკური ნივთიერებები) და მისი მოხმარების ფორმაზე. რადგან ინდივიდუალური მომხმარებლის ჩვევების კონტროლი შეუძლებელია, პრაქტიკული მიდგომაა პროდუქტის დაბეგვრა მასში არსებული მავნე ნივთიერების რაოდენობისა და მისი მიღების წესის მიხედვით. ეს მიდგომა ახალი არ არის - სპირტიანი სასმელები დიდი ხანია უფრო მკაცრად იბეგრება, ვიდრე ლუდი ან ღვინო, სწორედ ალკოჰოლის მაღალი შემცველობის გამო. დღეს სამედიცინო კვლევებისა და მონაცემების განვითარება საშუალებას გვაძლევს, გადასახადები ზიანს უფრო სისტემურად და თანმიმდევრულად დავუკავშიროთ.

თამბაქოს ზიანი და ალტერნატივები

ნიკოტინის პროდუქტები განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს. ტრადიციული სიგარეტის ალტერნატივები (ელექტრონული სიგარეტი, გასახურებელი თამბაქო) ნაკლებად ტოქსიკურია, თუმცა მაინც მავნე. შესაბამისად, ლოგიკურია მათი დაბეგვრა უფრო დაბალი განაკვეთით, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებლის გადასვლას შედარებით ნაკლებად მავნე ალტერნატივებზე.

ახალი ზელანდია ამის კარგი მაგალითია: ბოლო 15 წლის განმავლობაში მთავრობამ ყოველწლიურად 10 პროცენტით ან მეტით გაზარდა გადასახადი ტრადიციულ სიგარეტზე. შედეგად, მწეველთა რაოდენობა 18%-დან (2012 წ.) 8%-მდე (2024 წ.) შემცირდა, ხოლო ელექტრონული სიგარეტების მოხმარება თითქმის ნულიდან 14%-მდე გაიზარდა.

ევროკავშირი მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, მსგავსი სტრატეგია გაატარონ. მათ უმეტესობას აქციზის დაწესებისას უკვე შემოღებული აქვს დიფერენცირებული მიდგომა თამბაქოს წვად და არაწვად პროდუქტებს შორის. ევროკომისიის მიერ ახლახან გამოქვეყნებული „თამბაქოს აქციზის დირექტივის“ პროექტი ითვალისწინებს მინიმალურ განაკვეთებს პროდუქციის 13 კატეგორიისთვის. დოკუმენტის მიხედვით, სიგარეტი და დასახვევი თამბაქო მსგავსი ტარიფებით იბეგრება, ხოლო მნიშვნელოვნად დაბალი განაკვეთებია შემოთავაზებული ელექტრონული სიგარეტების, გასახურებელი თამბაქოსა და ნიკოტინის ბალიშებისთვის (pouches). არცერთი თამბაქოს თუ ნიკოტინის შემცველი პროდუქტი არ არის გათავისუფლებული გადასახადისგან, ხოლო განაკვეთები ისეა განსაზღვრული, რომ ისინი ინფლაციას ეწეოდეს ან აჭარბებდეს მას.

შეცდომები ფასწარმოქმნაში

ბევრ დაბალშემოსავლიან ქვეყანაში საგადასახადო პოლიტიკა ხშირად მცდარ სტიმულებს ქმნის. კერძოდ, მავნე თამბაქოსა და ალკოჰოლის ნაწარმზე, რომელიც ხშირად ადგილობრივი წარმოებისაა, დაბალი აქციზია დაწესებული. მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში ტრადიციულ აფრიკულ ლუდში ალკოჰოლის ერთეულზე გადასახადი დაახლოებით ორმოცდაათჯერ ნაკლებია, ვიდრე სხვა სახის ლუდზე. მსგავსად ამისა, ინდოეთი „ბიდის“ დაუმუშავებელი თამბაქოსგან (თუთნისგან) დამზადებულ ადგილობრივ უფილტრო სიგარეტს - ფილტრიან სიგარეტზე ბევრად დაბალი ტარიფით ბეგრავს, ხოლო უკვამლო ალტერნატივები კი ინდოეთის ბაზარზე საერთოდ აკრძალულია.

ასეთი დისბალანსი მცდარ სიგნალს აძლევს მომხმარებელს ჯანმრთელობის დაბალი რისკების შესახებ, ხელს უწყობს ხშირად უფრო სახიფათო პროდუქტების მოხმარებას და ინვესტიციებს არასწორი ინდუსტრიებისკენ მიმართავს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ფასწარმოქმნა ხშირად სოციალური თანასწორობის არგუმენტით მართლდება, ის კონტრპროდუქტიულია დაბალშემოსავლიანი ჯგუფების დასაცავად, რომლებიც არაპროპორციულად დიდი რაოდენობით მოიხმარენ ტრადიციულ მავნე პროდუქტებს.

„დიდი ოცეულის“ (G20) ქვეყნების მაგალითზე, ზიანზე დაფუძნებული დაბეგვრის სურათი არაერთგვაროვანია. დაბეგვრა ყველაზე ყოვლისმომცველია თამბაქოს შემთხვევაში, შედარებით ნაკლებად - ალკოჰოლისთვის, ხოლო შაქრიანი სასმელების შემთხვევაში სისტემა ძალზედ ფრაგმენტულია. ზოგჯერ გადასახადებს აკრძალვები ანაცვლებს - მაგალითად, არგენტინასა და თურქეთში აკრძალულია თამბაქოს ახალი პროდუქტები. საუდის არაბეთი კი საერთოდ არ ბეგრავს ალკოჰოლს, რადგან იგი ბოლო დრომდე სრულად კანონგარეშედ იყო გამოცხადებული. მიუხედავად ამისა, ბოლო რამდენიმე წელიწადში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება. ადრე პოლიტიკის გამტარებლები იშვიათად ადგენდნენ საგადასახადო განაკვეთებს ჯანდაცვის ფაქტორების გათვალისწინებით. თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს დიდი რესურსი იმისათვის, რომ გადასახადები უკეთ შეესაბამებოდეს იმ ნივთიერებების მავნებლობას, რომელთა წინააღმდეგაცაა ისინი მიმართული.

საერთაშორისო თანამშრომლობა

ზიანზე დაფუძნებული გადასახადების ეფექტურობისთვის აუცილებელია ქვეყნებს შორის თანამშრომლობა.ზიანზე დაფუძნებული „ჯანმრთელობის გადასახადებისგან“ მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, ქვეყნებმა კოორდინირებულად უნდა იმოქმედონ და გაითვალისწინონ რეგიონული ბაზრის დინამიკა. მეზობელ ქვეყნებს შორის საგადასახადო განაკვეთებში არსებული დიდი სხვაობა მომხმარებელს უბიძგებს, პროდუქცია საზღვარგარეთ შეიძინოს, რაც ამცირებს როგორც ჯანდაცვით ეფექტს, ისე საბიუჯეტო შემოსავლებს.

მაგალითად, როდესაც ფინეთმა 2004 წელს მნიშვნელოვნად შეამცირა ალკოჰოლის გადასახადი, შვედეთის მოსაზღვრე ქალაქებში სპირტიანი სასმელების გაყიდვები 150 პროცენტით გაიზარდა. ნორვეგიაში - კიდევ ერთ ქვეყანაში, სადაც ალკოჰოლზე მაღალი გადასახადებია - ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ გამოიყენა COVID-19-ის პერიოდში საზღვრების ჩაკეტვის მონაცემები, რამაც ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის მსგავსი მასშტაბის ეფექტი გამოავლინა. მთლიანად ევროკავშირის მასშტაბით, საზღვრებს გარეთ ალკოჰოლის წლიური შესყიდვები 1,4 მილიარდ ლიტრს აღწევს, რაც ბიუჯეტისთვის აქციზის სახით ყოველწლიურად დაახლოებით 4 მილიარდი ევროს დანაკარგს ნიშნავს.

ეს პრობლემა მხოლოდ მჭიდროდ დასახლებული და ღია საზღვრების მქონე ევროპით არ შემოიფარგლება. მაგალითად, პარაგვაის ძალზე დაბალმა გადასახადებმა თამბაქოზე ქვეყანა მეზობელი სახელმწიფოებისთვის კონტრაბანდის ჰაბად აქცია: ეს იაფი პროდუქცია დღეს ბრაზილიის თამბაქოს ბაზრის დაახლოებით 20 პროცენტს შეადგენს და ქვეყანას ყოველწლიურად 400 მილიონი დოლარის დაკარგულ შემოსავლად უჯდება.

იმ შემთხვევებში, როდესაც მსგავსი ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა უკანონოა, აღსრულების გამკაცრება ნამდვილად ეფექტურია. თუმცა, საბოლოო ჯამში, მხოლოდ ქვეყნებს შორის მჭიდრო დიალოგი და მუდმივად განვითარებადი ახალი პროდუქტების კლასიფიკაციაზე საერთო კონსენსუსი აღკვეთს ზიანზე დაფუძნებული საგადასახადო რეჟიმების ეროზიას.

გზა მომავლისკენ

გადასახადი მხოლოდ ფისკალური ინსტრუმენტი არ არის; ის მძლავრი ბერკეტია უფრო ჯანსაღი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად. აქციზის დაკავშირება ჯანმრთელობის რისკებთან ამცირებს პრევენციულ დაავადებებს და უზრუნველყოფს მდგრად საბიუჯეტო შემოსავლებს. საგადასახადო სისტემები უნდა განვითარდეს მოხმარების ახალ ტენდენციებთან ერთად. საერთაშორისო ინსტიტუტები, როგორიცაა სავალუტო ფონდი და ევროკავშირი, გადამწყვეტ როლს თამაშობენ ისეთი ჩარჩოების შექმნაში, რომლებიც ერთმანეთთან ათანხმებს დაბეგვრას, ჯანმრთელობასა და ფისკალურ მდგრადობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები