საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მიიჩნევს, რომ მაისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე ზრდა მიზანშეწონილი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
საქმე ისაა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვის (IV მუხლის კონსულტაციები) ანგარიში დაასრულა.
ფონდის შეფასებით, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური ზრდა მყარია, რასაც ძლიერი მაკროეკონომიკური მართვა და ეკონომიკური პოლიტიკა უწყობს ხელს.
ამასთან, სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე შენარჩუნება, საერთაშორისო რეზერვების გამყარება და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებაა.
სავალუტო ფონდი 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 6.5%-ით ზრდას და ინფლაციის ეტაპობრივად შემცირებას პროგნოზირებს.
„მაისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა მიზანშეწონილი იყო. ეროვნულმა ბანკმა საჭიროების შემთხვევაში უნდა შეინარჩუნოს მზადყოფნა დამატებითი გამკაცრებისთვის, თუ ინფლაციური წნეხი უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდება. ინფლაცია პიკს 2026 წლის შუა პერიოდში მიაღწევს, რაც ძირითადად ენერგორესურსების ფასების ზრდით იქნება განპირობებული. შემდგომში კი, ინფლაცია ეტაპობრივად დაუბრუნდება 3-პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს“, - ნათქვამია სავალუტო ფონდის ანგარიშში.
IMF-ის შეფასებით, 2025 წელს საქართველოს საგარეო პოზიცია საშუალოვადიანი ფუნდამენტური ფაქტორებითა და სასურველი ეკონომიკური პოლიტიკით განსაზღვრულ დონეზე უფრო ძლიერი იყო.
„მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებისა და საერთაშორისო რეზერვების ზრდის ფონზე, საგარეო სექტორის პოზიცია გაძლიერდა. 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე, მშპ-ის 2.6 პროცენტამდე შემცირდა, რაც ძირითადად მომსახურების ექსპორტის (განსაკუთრებით ICT-ისა და ტურიზმის) ძლიერი ზრდითა და ნავთობის დაბალი ფასების ფონზე საქონლის იმპორტის დაბალი ზრდით იყო განპირობებული. 2026 წლის აპრილის ბოლოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 6.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც სსფ-ის რეზერვების ადეკვატურობის (ARA) მაჩვენებლის 102 პროცენტს შეესაბამება. ეს შედეგი ასახავს ეროვნული ბანკის წინა წლების განმავლობაში 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის წმინდა სავალუტო შესყიდვებს, რასაც ხელი შეუწყო როგორც დედოლარიზაციის პროცესმა და ფინანსურმა შემოდინებებმა, ისე ოქროს ფასის ზრდით მიღებულმა შეფასებითმა მოგებამ“, - აღნიშნავს სავალუტო ფონდი.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოს საბანკო სექტორი ჯანსაღია. ბანკები კარგად კაპიტალიზებული, ლიკვიდური და მოგებიანი არიან, ხოლო პრობლემური სესხების წილი დაბალ დონეზე ნარჩუნდება.
„გონივრულმა მაკროეკონომიკურმა მართვამ და მაკროპრუდენციულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ეკონომიკის შემდგომ დედოლარიზაციას. ამასთან, დეპოზიტების დოლარიზაცია შემცირდა, რაც ბაზრის ნდობის გაუმჯობესებამ და აშშ დოლარის შესუსტებამ განაპირობა“, - ნათქვამია სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ მომზადებულ ანგარიშში.
ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდი დადებითად აფასებს საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც სსფ-ის ტექნიკური დახმარების (TA) რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდა. ფონდის შეფასებით, სებ-ის მმართველობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს შორის უნდა აღინიშნოს აღმასრულებელ წევრებს შორის პასუხისმგებლობის გადანაწილება და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ჩანაცვლების მარეგულირებელი ჩარჩოს გაძლიერება.
„2022 წლის უსაფრთხოების შეფასების (Safeguards Assessment) რეკომენდაციების უმეტესობა უკვე განხორციელებულია, მათ შორის ახლახან გაუქმდა მთავრობისთვის დისკრეციული ტრანსფერების განხორციელების შესაძლებლობა“, - ნათქვამია სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს ანგარიშში.
ფონდი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებისთვის დამატებითი რეფორმებია საჭირო. ფონდის შეფასებით, კოლეგიური გადაწყვეტილების მიღების მოდელზე გადასვლა გადაწყვეტილებების ხარისხს გააუმჯობესებს კოლექტიური განხილვის გზით.
IMF-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა




























