მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანე მაჭავარიანი: მშპ-ის 60%-იანი ვალი არ არის ტრაგიკული, ბევრი ქვეყანა ინატრებდა კიდეც

5fe0b220667c7
შოთა ტყეშელაშვილი
21.12.20 18:50
2591
2021 წლის ბიუჯეტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-იან ნიშნულს გადააბიჯებს და ის 60.1% გახდება. დღეს პარლამენტში გამართულ მოსმენაზე ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მთავრობა იღებს ვალდებულებას, სამწლიან პერიოდში ვალის დონე - 60%-ზე დაბლა, ბიუჯეტის დეფიციტის დონე კი 3%-ზე დააბრუნოს. ამასთან, მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ თავისმხრივ ვალის 60%-იანი ნიშნული არ წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას, თუკი მისი მომსახურების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა ვალის გაზრდილი დონე შეიცავს რისკს, რომ მომდევნო კრიზისის დროს, მოულოდნელად, მან არამდგრად დონეს მიაღწიოს. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში “ყველაფერი გვერდზე დაგვრჩება”.

“ჩვენ ეკონომიკურ სცენარში ამ ორივე საბაზისო მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ ანუ ვალი მშპ-ის 60%-ზე ნაკლები იქნება, დეფიციტი კი 3%-ზე ნაკლები. არის თეორიული შანსი იმის, რომ ვალი შემდეგი წლების განმავლობაში მაინც გადაახტეს 60%-ს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის თუ რამდენად გვაქვს რესურსი იმისთვის, რომ ეს ვალი მნიშვნელოვნად შევამციროთ. სამწუხაროდ, 4 წელიწადში პრაქტიკულად არ არის ამის რესურსი და ის ასე იოლად არ ჩანს. რა რისკებს გვიქმნის ეს? - 60%-იანი ვალი თავისთავად არ არის კრიტიკული და ტრაგიკული. ბევრი ქვეყანა ინატრებდა კიდეც, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, მოწყვლადი ვართ; სადღაც 5-10 წლის შუალედში ვიცით, რომ არა - ამ დონის, მაგრამ სხვა მცირე კრიზისი შეიძლება მოხდეს. ყველა ვარიანტში ხდება ხოლმე ასე. ზოგჯერ ამას ეძახიან ვალის კრიზისს, ზოგჯერ ეძახიან ფინანსურ კრიზისს, თუმცა კრიზისებს შორის პერიოდი შემცირებულია. ჩვენ რომ ვიცოდეთ, რომ შემდეგი 20 წელი არ მოხდება კრიზისი, მაშინ მშვენივრად ვივლით 60%-იანი ვალის დონით, მაგრამ ვიცით, რომ ადრე თუ გვიან ასეთი კრიზისი მოხდება და ისევ აგვიყვანს 10-20 პუნქტით ვალს. შესაბამისად, ეს უკვე პრობლემატურია. ძალიან რთული დილემის წინაშე ვდგავართ. საბოლოო ჯამში, ყოველთვის კითხვა დადის რა გავაკეთოთ რეგიონულ განვითარებაში, რა გავაკეთოთ ინფრასტრუქტურაში, მაგრამ იცოდეთ, ვალში თუ შეგვექმნა პრობლემა სუვერენულ დონეზე ეს ყველაფერი გვერდზე დაგვრჩება და კასკადურად ჩავა ყველაზე წვრილ პროექტამდე, ყველას მაცივრამდე დავა და ყველას ჯიბემდე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სახელმწიფო ვალზე მოქმედი სწორედ ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი აქვს შეფასებული. ორგანიზაციის შეფასებით, თუკი საქართველო დამატებით სავალუტო კრიზისში აღმოჩნდება და ლარი 30%-ით გაუფასურდება, მაშინ სახელმწიფო ვალი მშპ-ს 72%-იან ნიშნულს მიაღწევს.

დღესვე BMG-იმ სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის, სელიმ ჩაკირის კომენტარიც მოიპოვა. მისი თქმით, ფონდმა საქართველოს სახელმწიფო ვალის წარმოების მეთოდოლოგიიდან ამოიღო ე.წ. "ისტორიული ვალი", რაც აქამდე ვალის შედგენის სტატისტიკაში გაითვალისწინებოდა. შედეგად, 2021 წლისთვის კორექტირებული ვალის ნიშნული მშპ-ს 59.1%-ით განისაზღვრა.

“ისტორიულ ვალში” იგულისხმება საბჭოთა პერიოდის ე.წ. “დაკარგული ანაბრები”, რომელთა გასტუმრების ვალდებულებაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ საქართველოს სახელმწიფომ აიღო. უკანასკნელი მდგომარეობით, ამ ანაბრების პირობითი ღირებულება 670 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მათი სამართლიანი შეფასების, და სწორი აღრიცხვიანობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს, საქართველოს მთავრობას მათი დაბრუნების გადაწყვეტილება არ მიუღია. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ვალის მოთხოვნის ალბათობა დაბალია, მას IMF-ი სტატისტიკაში აღარ გაითვალისწინებს.

“ისტორიული ვალის” სახელმწიფო ვალიდან ამოღების მიუხედავად, სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობას მსხვილი სახელმწიფო საწარმოების ფინანსური შედეგების სახელმწიფო სექტორში ინტეგრაციისკენ მოუწოდებს. ამ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში რამდენიმე მილიარდი ლარის ვალი, რაც ამ კომპანიებს აქვთ, საქართველოს სახელმწიფო ვალის სტატისტიკას დაემატება.

2021 წლის ბიუჯეტის თანახმად, საქართველოს ვალი 33.7 მილიარდი ლარით განისაზღვრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები