"რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ დასავლური სანქციები "ქართული ოცნებისთვის" დემოკრატიულ ორბიტაზე დაბრუნების შანსია, რასაც პარტია უკურეაქციით პასუხობს.
როგორც ის BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში აღნიშნავს, "ოცნების" პოლიტსაბჭოს ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლებიც დიდი ბრიტანეთის მხრიდან პოტენციური სანქციების დაწესებას ეხმაურება, უკურეაქციულია და თემთა პალატაში ამ განცხადებას აუცილებლად განიხილავენ.
"როდესაც ჭაობში მოხვდება ადამიანი, ჯობია არ იმოძრაოს ბევრი, გაჩერდეს და დაელოდოს, იქნებ ვიღაცამ უშველოს. შეიძლება დაიძახოს, მიშველეთო და საშველად რომ მოვლენ, უნდა მოუსმინოს, როგორ მოიქცეს. ამ შემთხვევაში, ნებისმიერ კრიტიკაზე, სანქციაზე ან ნებისმიერ ქმედებაზე საქართველოს პარტნიორების მხრიდან, აქედან ხვდება უკურეაქცია და ზედმეტი მოძრაობები. როგორც გამოჩნდა, აშშ-ის კონგრესის, სენატის წარმომადგენლების განცხადებებიდან, ევროპარლამენტის წევრების განცხადებებიდან, მათ პრაქტიკულად ყველა განცხადება იციან, რომელიც მათ ეხებათ, ყველაფრის საქმის კურსში არიან.
ახლა წარმოიდგინეთ, როცა ბრიტანეთის თემთა პალატაში ამ თემის განხილვა დაიწყება, ინიციატორი ["ქართული ოცნების"] პოლიტსაბჭოს განცხადებას თან არ დაურთავს იმის დასამტკიცებლად, რომ "ქართული ოცნება" არ აპირებს ფოკუსირებას თავის შეცდომებზე და ის არაადეკვატურია, არ სცემს პატივს დიდ ბრიტანეთს და მის გადაწყვეტილებებს?", - ამბობს კახა გოგოლაშვილი.
"რონდელის ფონდის" დირექტორის განცხადებით, "ქართული ოცნების" წევრებს თავადაც ესმით ის ნეგატიური შედეგები, რომლებსაც პარტიის განცხადებები იწვევს, თუმცა ისინი ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოქმედებენ, რომელიც შეცდომას შეცდომაზე უშვებს.
"ეს თავად ბიძინა ივანიშვილის კრიზისია და, რომც უნდოდეთ "ქართული ოცნების" წევრებს რაღაცის შეცვლა ან სხვანაირად წარმოდგენა, ამას ვერ ახერხებენ. მათ ასეთი დავალებები მოსდით და ამ დავალებებით მოქმედებენ. გასაგებია, რომ მათ ხელი აიღეს დემოკრატიის განვითარებაზე, სურთ რომ ქვეყანა ჩაკეტონ დიდი ხნით... ამით უფრო მეტ ზიანს მიიღებენ, ვიდრე პირად სარგებელს. თავად ბიძინა ივანიშვილმა არ იცის, რა გააკეთოს, როგორ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან და უფრო და უფრო მეტ შეცდომას უშვებს", - ამბობს "რონდელის ფონდის" დირექტორი.
კითხვაზე, რამდენად რეაქციულია "ქართული ოცნების" საპასუხო ნაბიჯები და იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილი მზად საერთაშორისო ზეწოლისთვის, კახა გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე სანქციების ამ მასშტაბებს არ ელოდა.
"თავისთავად ემზადებოდა სანქციებისთვის, მაგრამ მგონია, რომ მას არ ჰქონდა გააზრებული, რამდენად გრძელვადიანი და მასიური იქნება ეს სანქციები. ამის რისკი რომ არსებობდა, კიბატონო, აბა, რატომ დატოვა ორ დღეში პარლამენტის წევრობა? მაგ რისკების ეშინოდა და ერჩივნა, დისტანცირება მოეხდინა, თითქოს რატომ უნდა დამასანქცირონ, საერთოდ არ ვმონაწილეობ პოლიტიკაში პირდაპირო. მაგრამ, რაც არ უნდა მომზადებულიყო სანქციებისთვის, შეუძლებელია, მაინც არ მიიღოს უფრო მეტი ზიანი, ვიდრე ჰგონია ,რომ ატანა შეუძლია.
სხვათა შორის, ძალიან ბევრი მაგალითია ისტორიაში იმისა, რომ ადამიანი, რომელიც რაღაც მომენტში არასწორ გზას დაადგება, უფრო და უფრო მეტ შეცდომას უშვებს და უკან აღარ იხევს, რადგან უკან დასახევი გზა მოიჭრა. ეს მოხდა ივანიშვილის შემთხვევაში და პირველი შემთხვევა არ არის, რომ ოლიგარქმა ასე დაასრულა, მოლდოვიდანაც მოუწია გაქცევა ოლიგარქ ვლადიმერ პლახოტნიუკს. ყველაზე დიდ დიქტატორებს ათჯერ მეტი ფული ჰქონდათ, ვიდრე ივანიშვილს, და ძალიან ცუდად დაამთავრეს იმ დიქტატორებმაც. ისინი, შეიძლება, ბევრად უფრო სისხლიანი დიქტატორები იყვნენ და შედარება არ მინდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ ძალაუფლების ასეთი კონცენტრირება და ფული არ გიშველის", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
ცნობისთვის, 18 დეპუტატის მხარდაჭერით, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში წარდგენილია წინადადება ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ. ინიციატივის საპასუხოდ კი "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა, რომელშიც პარტია შეშფოთებას გამოთქვამს "დიდი ბრიტანეთის deep state-ის მორიგ სათამაშოდ ქცევის" გამო.




























