"სერიოზულად არ განვიხილავ სიტუაციას, რომ ხვალ ოპოზიციური ჯგუფები მოვლენ [საქართველოს] პარლამენტში და მეორე ფრონტს გახსნიან", - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. დეპუტატმა განაცხადა. ლეონიდ ჭამაღუასთან ინტერვიუს "ეხო კავკაზა" ავრცელებს. ის არ ფიქრობს, რომ საპარლამენტო არჩევნებში, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, "საქართველო აფხაზეთთან ომს დაიწყებს".
"რა შეიცვლება ხელისუფლებაში ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში? გვეუბნებიან, რომ ეს არის ომის პარტია და ხვალ საომარ მოქმედებებს დაიწყებენ. დიახ, სიტუაციის ესკალაცია იქნება, მაგრამ არ მგონია, რომ საქართველო აფხაზეთს შეუტევს. ამ საკითხს აფხაზები, ერთი - ერთზე, თავად მოაგვარებენ, მაგრამ თუ კოლექტიური დასავლეთი საქართველოს მხარეს იმოქმედებს, მაშინ რუსეთს რეაგირების გარეშე დარჩენა არ შეეძლება, რადგან ეს პირდაპირ მასაც შეეხება. ყოველ შემთხვევაში, საქართველოსთვის სავალალო სიტუაცია იქნება [ომის დაწყება], ამიტომ სერიოზულად არ განვიხილავ სიტუაციას, რომ ხვალ ოპოზიციური ჯგუფები მოვლენ პარლამენტში და მეორე ფრონტს გახსნიან. რეალურად, სულ სხვა რამ მოხდება: რუსეთთან ყველა სავაჭრო და ეკონომიკური საქმე შეიზღუდება. ეს კი, ალბათ, რუსეთის ფედერაციისთვის არასასურველია", - აცხადებს ჭამაღუა.
აფხაზი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი დიქტატორულ მოდელს აშენებს. მისი თქმით, საქართველო კი არ ირჩევს პრორუსულ გზას, არამედ ბიძინა ივანიშვილი ირჩევს იმას, რაც მის ინტერესებშია.
"ივანიშვილი საქართველოში ძალაუფლების იმ მოდელს აშენებს, რომელიც მას შეეფერება. ჩემი აზრით, ეს დიქტატორული მოდელია. ის აცხადებს, რომ, მაგალითად, ყველა სხვა პარტია, გულისხმობს მის ოპონენტებს, უნდა დაიხუროს. მიჭირს წარმოვიდგინო ქვეყანა, სადაც მილიარდერი, ჩვენ გვესმის, რომ 1990-იან წლებში შეუძლებელი იყო პატიოსანი შრომით მილიარდების შოვნა, რეალურად მართავს ქვეყანას და წყვეტს როგორ განვითარდება ქვეყანა. ვხედავ, რომ რუსეთში ვიღაცას სურს ამის ინტერპრეტაცია, როგორც რუსეთისკენ შემობრუნება. მინდა, ამ ხალხს იმედი გავუცრუო, საქართველო და რუსეთი ვერ შეთანხმდებიან, საქართველო არ ირჩევს პრორუსულ გზას, ქართველი დიქტატორი ირჩევს იმას, რაც მის ინტერესებს შეესაბამება", - აღნიშნავს ლეონიდ ჭამაღუა.