მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივანიშვილის ადვოკატი ადასტურებს, რომ გარიგების სახით, ივანიშვილმა ბაჩიაშვილისგან 5,000 ბიტკოინი მოითხოვა

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე ადასტურებს გიორგი ბაჩიაშვილის მიერ დღეს გასაჯაროებულ წერილს, რომელიც ივანიშვილის მხრიდან გარიგების სახით, 5000 ბიტკოინის გადახდას შეეხებოდა. წიქვაძე აღნიშნავს რომ "დისკონტის" სახით ბაჩიაშვილს მართლაც შესთავაზეს კონკრეტული ოდენობის ბიტკოინების გადახდა, რაც მისი თავისუფლების ფასი უნდა ყოფილიყო.

თემო წიქვაძე აცხადებს, რომ არასწორია გიორგი ბაჩიაშვილის განცხადების ის ნაწილი, სადაც ის ამბობდა, რომ მისმა ადვოკატმა ეს წერილი შუამავლისგან მიიღო, წიქვაძე კი აცხადებს, რომ ის არა ივანიშვილის შუამავალი, არამედ საქმის ადვოკატია.

„მსურს, საზოგადოებისთვის განმარტება გავაკეთო ბატონი ბაჩიაშვილის მიერ დღევანდელი პროცესის შემდგომ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

როგორც ბრალდებულმა განმარტა, მან მიიღო წერილი, რომელსაც მისი თქმით ოთხმოცდაათიან წლებში "კრიმინალური შოჩიკი“ ეწოდებოდა (როგორც ჩანს ოთხმოცდაათიანი წლების ქუჩურ ტერმინოლოგიაში ბაჩიაშვილი კარგად ერკვევა), ასევე მიუთითა, რომ წერილის გადამცემი პირი (ვიგულისხმები მე) არის არა ადვოკატი, არამედ უბრალოდ ნდობით აღჭურვილი პირი.

ბრალდებულის აღნიშნული განმარტებები არის სიცრუე, ასევე ფაქტების დამახინჯების მცდელობა.

მე რომ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი/წარმომადგენელი ვარ საჯაროდ ცნობილი ფაქტია. ვფიქრობ, ჩემს მიერ საქმესთან დაკავშირებით საჯაროდ გავრცელებული განცხადებები უტყუარად ადასტურებს ამ გარემოებას და არავის სჯერა, რომ მე თვითნებურად ვახორციელებ აღნიშნულ ქმედებებს. ცხადია, ჩემს მარწმუნებელთან მაკავშირებს შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობა და ვმოქმედებ ამ ურთიერთობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის წარმომადგენლობას არ სჭირდება რაიმე სპეციალური ნებართვა თუ ლიცენზია სისხლის სამართლის საქმეებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და ეს კიდევ ერთი ცრუ განმარტებაა, რაც ბატონი ბაჩიაშვილის მხრიდან გაცხადდა.

ამავდროულად, ვადასტურებ, რომ ბრალდებულის ადვოკატთან მქონდა კომუნიკაცია და მას წარვუდგინე დაზარალებული მხარის შეთავაზება (ზუსტად ამ დასახელებით). შეთავაზების არსი მდგომარეობდა იმაში, რომ დაზარალებული მხარე გამოიჩენდა კეთილ ნებას და ბრალდებულს მიეცემოდა შეთავაზებაში მითითებული ოდენობით "დისკონტი“ (მას ბრალად წაყენებული აქვს 8986 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება), თუკი წინასასამართლო სხდომამდე (როდესაც ჯერ კიდევ არ არის გარკვეული საქმე გადაეცემა თუ არა სასამართლოს არსებითი განხილვისათვის) ბრალდებულის მხრიდან მოხდებოდა შესაბამისი რაოდენობის ბიტკოინების მყისიერი დაბრუნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბრალდებულის ადვოკატის თხოვნით, არაერთხელ შევხვდი ბრალდებულის მხარეს, მათი პოზიციისა თუ შეთავაზებების მოსასმენად. ამ დროს კარგად აცნობიერებდნენ, რომ მე ვიყავი ჩემი მარწმუნებლის ადვოკატი/წარმომადგენელი და უცნაურია დღეს ასეთი განცხადებები.

შესაბამისად, ადგილი ჰქონდა არა რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ მორიგების მცდელობას მხარეთა შორის, რაც სრულიად ჯანსაღი მოვლენაა (არაერთ საქმეზე ჰქონია ადგილი მსგავს კომუნიკაციას მხარეებს შორის და მომავალშიც ექნება).

მიმაჩნია, რომ ბრალდებულის მხრიდან ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი, არის აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით თითქოსდა სკანდალური ინფორმაციის გავრცელება, რაც, ჩემი აზრით, ცალსახად მიუთითებს ბრალდებული მხარის პოზიციების სისუსტეზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის მიერ მიღებული წერილი:

"როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის 27 მარტს დანიშნულია წინასასამართლო სხდომა, სადაც მათ შორის წყდება არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის საკითხი. შესაბამისად, ამ ეტაპამდე, დაზარალებული მხარე თანახმაა, რომ მიიღოს ბრალის დადგენილებაში საბოლოოდ ასახული ბიტკოინების რაოდენობის 60%; არსებულ შეთავაზებაზე უარის თქმის, პასუხის გაცემის გაჭიანურების შემთხვევში, შეთავაზების გაკეთებიდან ყოველ მომდევნო თვეს (ამ შემთხვევაში 2024 წლის 1 აპრილიდან), დაზარალებულისათვის გადასაცემი ბიტკოინების რაოდენობა გაიზრდება 5%-ით. მაგალითად, აპრილის თვიდან, ნაცვლად 60 %-ისა მისაღები იქნება ბიტკოინების სრული რაოდენობის მინიმუმ 65%-ის გადაცემა, მაისის თვიდან 70%-ის გადაცემა და ა.შ. დაზარალებული მხარის პიზიციის აშკარა მართებულობის გათვალისწინებით, ჩვენი ვარაუდით, სასამართლომ წლის ბოლომდე უნდა მოახერხოს საქმის განხილვა და აღნიშნული პერიოდის გასვლისას, შეთავაზების მიუღებლობის შემთხვევაში, ბრალდებულ მხარეს ამოწურული ექნება ყოველგვარი დისკონტის მიღების შესაძლებლობა; თუკი ბრალდებული მიიჩნევს, რომ იგი მოახერხებს მითვისებული კრიპტოვალუტის რაიმე ფორმით განკარგვას და აღნიშნულით რაიმე სარგებლის მიღებას, მისი აღნიშნული მცდელობა ფუჭი იქნება, ვინაიდან დაზარალებული მხარე გამოიყენებს ყველა არსებულ ბერკეტს აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად; გთხოვთ, გვაცნობეთ თქვენი პოზიცია წინამდებარე შეთავაზებასთან დაკავშირებით", - ნათქვამია წერილში, რომელიც ბაჩიაშვილმა გამოაქვეყნა.

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატების შეფასებით, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე აბსურდულია:

ივანიშვილი დაობს, რომ 2015 წლის ივნისში გაცემული $5 მილიონის სესხით, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიაზე “ქართუ ბანკის” მიერ გაიცა, ბაჩიაშვილმა განახორციელა წარმატებული ინვესტიცია კრიპტოვალუტების მოპოვებაში და წმინდა მოგების სახით, 2017 წლის მდგომარეობით, 8,253 ბიტკოინი მიიღო, რაც აღნიშნულ პერიოდში 39 მილიონი დოლარი ღირდა, თუმცა საქმე ის არის, რომ აღნიშნულ საკრედიტო ხელშეკრულებაში კრიპტოვალუტის განაწილების შესახებ არაფერი იყო ნათქვამი, შესაბამისად ბაჩიაშვილს ივანიშვილის მიმართ სხვა არაფერი მართებდა.

არსებული მდგომარეობით, 8,253 ბიტკოინის ღირებულება 844 მილიონ დოლარს შეადგენს, ამასთან დღეს საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ სადავო თანხა 9,000 ბიტკოინამდე 921 მილიონ დოლარამდე არის გაზრდილი.

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატების შეფასებით, საქმე აბსურდულ ბრალს უკავშირდება, რადგანაც კონტრაქტი მიღებული მოგების განაწილებას არ უკავშირდებოდა და ის ჩვეულებრივი საბანკო სესხის სახეს ატარებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები