თავდაცვის ყოფილი მინისტრი და "სამოქალაქო იდეას" დამფუძნებელი თინა ხიდაშელის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტენდერის ჩაშლა მოსალოდნელი იყო და ის ამაზე დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში ყველა ინდიკატორი მიუთითებდა, რომ ტენდერი ფაქტობრივად ჩავარდნილი იყო, თუმცა, მისი შეფასებით, ხელისუფლება მხოლოდ იმაზე მსჯელობდა, როგორ უნდა მიეწოდებინა ეს გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის.
მისივე შეფასებით, მმართველი გუნდის მხრიდან პროექტის სახელმწიფო საკუთრებაში დატოვების გადაწყვეტილება მხოლოდ პოპულისტური შეფუთვაა და რეალურად ქვეყნისთვის დიდ ფინანსურ დანაკარგს ნიშნავს.
საქმე ის არის, რომ დღეს, 6 ივლისს გახდა ცნობილი, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თქვა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრე და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს.
მოდელი, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსა და კომპანიასთან პარტნიორობით.
„პირველ რიგში, აუცილებლად ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, სრულიად მოსალოდნელი იყო ის, რომ ეს ტენდერი ჩაიშლებოდა. ამაზე ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, თქვენს ეთერშიც ბევრჯერ გვილაპარაკია და ამ ბოლო პერიოდში ყველა ინდიკატორი იყო იმისი, რომ ტენდერი ჩაშლილი იყო. უბრალოდ, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ვერ თანხმდებოდნენ იმაზე, თუ რა ფორმით უნდა მიეწოდებინათ ეს ქართველი ხალხისთვის.
მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი დღევანდელი შეფუთვა არის მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ პოპულისტურად შესთავაზონ მოსახლეობას ის, რაც არის სინამდვილეში ძალიან ცუდი ამბავი. ამ განცხადების პოპულიზმი არის იმაში, რომ ამბობენ აი, ქართულ სახელმწიფოს დარჩება, რაც ყურისთვის შეიძლება ძალიან კარგად აღიქმება, მაგრამ სინამდვილეში, ეს იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 600 მილიონი დოლარი, რომელიც პირველ ჯერზე უნდა შემოსულიყო ანაკლიაში ინვესტიციის სახით, ქვეყანაში არ შემოვალ.
ანუ ქვეყანამ მინიმუმ 600 მილიონის დოლარის ეკვივალენტი ახალი ფული დაკარგა, რომელიც ერთი მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია იქნებოდა და მეორე მხრივ ყველა პოტენციურ ინვესტორს უზარმაზარ ბუსტს მისცემდა იმის საჩვენებლად, რომ საქართველოში ფულის ჩადება შეიძლება, რომ სტაბილურობა ამ ქვეყნის არ არის საფრთხის ქვეშ და საქართველოსთან თანამშრომლობა შესაძლებელია. აი, ეს დავკარგეთ“, - აღნიშნა მან.
თინა ხიდაშელი ყურადღებას ხელისუფლების გეოპოლიტიკურ ტაქტიკაზეც ამახვილებს. მისი აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ პორტის მიმართ დასავლელი პარტნიორების დიდი ინტერესი დაინახა და ახლა ამ პროექტით ვაჭრობას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობს, რის გამოც ჩინურ მხარესაც კი უარი ეთქვა.
„მესამე მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ანაკლიათი უნდა ევაჭროს. მან დაინახა ცალსახად და დარწმუნდა, როგორც იქნა საბოლოოდ, რომ ინტერესი ძალიან სერიოზულია ანაკლიის მიმართ და ახლა გადაწყვიტა, რომ ეს საკუთარი პოლიტიკური გადარჩენისთვის გამოიყენოს და ამიტომ ეთქვა უარი პოტენციურ ჩინელ ინვესტორს. რის გამოვაჭრება შეძლეს, საბოლოო ჯამში, ამას ერთად ვნახავთ. მე მგონია, რომ ეს მაინც უშედეგოდ დასრულდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დაიწყო ამ მიმართულებით მცდელობა. და რატომ მგონია, რომ არაფერი აქედან არ გამოვა ეს არის მთავარი პასუხი თქვენს კითხვაზე“, - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
თინა ხიდაშელი იხსენებს თავის სტატიას, რომელიც ამერიკულ გამოცემაში გამოაქვეყნა და აღნიშნავს, რომ პროცესების გაჭიანურება და პორტის არაშენება რეალურად ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის ინტერესებში შედის.
„მე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალში გამოვაქვეყნე სტატია, რომელსაც სათაურიც კი ასეთი დავარქვი: პორტი არასდროს, "Never, Never Port" ჰქვია, და სადაც ჩემი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ამოცანა არის, რომ ანაკლია უბრალოდ არ აშენდეს. ამიტომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის სხვადასხვა გზით, სხვადასხვა მაქინაციით, სხვადასხვა საშუალებით, რომ ეს დრო რაც შეიძლება მეტად გაიწელოს და რეალურად ანაკლიის პორტის პროექტის რეალიზება არ მოხდეს.
ეს არის რუსების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამ ამოცანას ის შეეცდება, რომ წარმატებით შეუსრულოს. დღევანდელი ქვრივიშვილის განცხადებები, სამწუხაროდ, სწორედ ამის დასტურია. ცალსახად, როგორც ვთქვით, მაინც დაკარგული ინვესტიციები და დაკარგული დრო არის ამ ყველაფრის გათვალისწინებით“, - აღნიშნა ხიდაშელმა.
ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე ხაზს უსვამს იმ გრძელვადიან ზიანს, რასაც ეს გადაწყვეტილება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსა და ეკონომიკურ სანდოობას მიაყენებს.
„ყველაზე მძიმე ამ ისტორიაში არის ის, რომ ძალიან ბევრი დრო დაიკარგა, ბევრი წლები დაიკარგა და დღეს უკვე ანაკლია ფუნქციონალური პორტი უნდა იყოს, 2016 წლის შეთანხმების ერთგული რომ დარჩენილიყო „ქართული ოცნება“. ამასობაში დაიკარგა ძალიან ბევრი ფული, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი.
მაგრამ ყველაზე მთავარი გრძელვადიანად და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ანაკლიის პორტში ინვესტიცია ნიშნავდა საერთაშორისო ასპარეზზე, ყველა ინვესტორისთვის რწმენის გაჩენას. 600 მილიონი დოლარის ჩადება საქართველოში. ეს ძალიან სერიოზული განაცხადია ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობისთვის, რაც სხვა ბევრი უცხოური ინვესტიციის გზამკვლევი, მომზიდველი გახდებოდა.
ამის გაქრობა ზუსტად იგივე ეფექტის მატარებელი იქნება, ოღონდ პირიქით. მორიგ ჯერზე დაადასტურებს იმას, რომ ამ ქვეყნის ნდობა არ შეიძლება, მისი ხელისუფლების ნდობა არ შეიძლება. ისინი უბრალოდ "გადამგდები" არიან და მათთან საქმის დაჭერა არ შეიძლება. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ აისახება საბოლოო ჯამში ქვეყანაზე“, - ამბობს თინა ხიდაშელი.
დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მოდელი კიდევ ერთხელ შეცვალა. მისი თქმით, პროექტი ე.წ. „ლენდლორდის“ (Landlord) მოდელით განხორციელდება, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო პორტის 100%-იან მესაკუთრედ დარჩება, თავად დააფინანსებსა და ააშენებს ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო ნავმისადგომებსა და ტერმინალებს სხვადასხვა კერძო ოპერატორზე იჯარით გასცემს. შესაბამისად, პროექტში აღარ იქნება ჩართული კერძო სტრატეგიული ინვესტორი და არც ჩინური CCCC, რომელიც 2024 წელს საერთაშორისო კონკურსის უპირატეს მონაწილედ იყო შერჩეული. მინისტრის განცხადებით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1.1 მილიარდი დოლარია, ხოლო ახალი მოდელის პირობებში სახელმწიფოს დამატებით 200 მილიონი დოლარის მობილიზება მოუწევს. დაფინანსება განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით. ამასთან, კერძო კომპანიები საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალებში განახორციელებენ ინვესტიციებს და პორტში მოიჯარე-ოპერატორების სტატუსით იფუნქციონირებენ.
ანაკლიის პორტის განვითარების მოდელი ბოლო წლებში რამდენჯერმე შეიცვალა. თავდაპირველად, 2014-2016 წლებში, პროექტი სრულად კერძო ინვესტორს უნდა განეხორციელებინა, თუმცა 2020 წელს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა. 2022 წელს მთავრობამ ახალი მოდელი წარადგინა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო პორტის 51%-იან, ხოლო კერძო ინვესტორი 49%-იან წილს ფლობდა. ამ მოდელის ფარგლებში 2024 წელს უპირატეს მონაწილედ ჩინური CCCC დასახელდა, თუმცა მასთან შეთანხმება ვერ შედგა. 2026 წლის 6 ივლისს კი მთავრობამ მესამე მოდელი წარადგინა, რომლის მიხედვითაც ანაკლიის პორტი სრულად სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება და „ლენდლორდის“ პრინციპით განვითარდება.




























