მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილისთვის ეს საინტერესო არ არის, გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა | ირაკლი კობახიძე აშშ-ის სანქციებზე

კობახიძე ივანიშვილი

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებული სანქციები „საინტერესო არ არის“ და ერთადერთი მიზანი აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, თუ რატომ რჩება ივანიშვილი შეერთებული შტატების სანქციების სიაში.

„თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო. ჩვენთვის ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის ერთადერთი რამ არის საინტერესო, როცა საქმე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენ შეხვედრებზე საერთოდ არ ვახსენებთ ხოლმე ამ საკითხს, იმიტომ, რომ არც ბიძინა ივანიშვილისთვის არ არის საინტერესო და შესაბამისად, არც ჩვენთვის არ არის ეს საკითხი საინტერესო. ერთადერთი, რაც გვაინტერესებს, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სანქციების დაწესება „წინა ადმინისტრაციის აბსურდი“ იყო და ამჟამად მთავრობა შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება:

„რაც შეეხება ფორმალურ სანქციებს, არ არის ბიძინა ივანიშვილისთვის საინტერესო, შესაბამისად არც ჩვენთვის არ არის საინტერესო. ერთადერთი, რაც გვაინტერესებს ყველას, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. ჩვენ განაცხადი გაკეთებული გვაქვს ამასთან დაკავშირებით და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. წინა ადმინისტრაციის აბსურდი იყო, რაც მათ განაცხადეს. ჩვენთვის არ არის საინტერესო, ბიძინა ივანიშვილისთვის არ არის პირველ რიგში საინტერესო და შესაბამისად, ჩვენთვისაც არ არის საინტერესო. სტრატეგიული პარტნიორობა თუ აღდგება, ეს იქნება ყველაფრის ნიშანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის (OFAC) მიერ სანქციების სიების გადახედვის სამივე ეტაპზე 285 პირისა და სუბიექტის ამოღების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2024 წლის დეკემბერში "საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის" დასანქცირდა, კვლავ სანქცირებულთა სიაში რჩება.

შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წლის 30 ნოემბერს შეაჩერა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ განცხადება იმის შესახებ, რომ მან ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება გადაწყვიტა.

სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაშია ასახული, 2009 წლის 9 იანვარს გაფორმდა. სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პირველ შეხვედრაზე, რომელიც 2009 წლის ივნისში გაიმართა, ოთხი ორმხრივი სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა ქარტიაში განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებზე სამუშაოდ. ეს სფეროებია:

  • დემოკრატია;
  • თავდაცვა და უსაფრთხოება;
  • ეკონომიკური, სავაჭრო და ენერგეტიკული საკითხები;
  • ხალხთა შორის და კულტურული გაცვლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები