მრჩეველი და მენეჯერი ნიკოლოზ შურღაია ბიძინა ივანიშვილს თენგიზ აბულაძის ფილმ „მონანიებაში“ ვარლამ არავიძის პერსონაჟს ადარებს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ბიძინა ივანიშვილის ბოლო საჯარო გამოსვლის და მისი გზავნილების ანალიზისას განაცხადა.
„ივანიშვილმა თავი დიქტატორად გამოაცხადა“, - ამბობს ნიკოლოზ შურღაია, რომელიც ყოფილ პრემიერს პირადად იცნობს და როგორც “წერტილთან“ ინტერვიუში გაიხსენა, მასთან ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმის“ შესახებაც უსაუბრია.
„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავი დიქტატორად გამოაცხადა; მასში პირდაპირ ვარლამ არავიძე დავინახე. არ ვაზვიადებ. მან გალანძღა დასავლეთი და თქვა, რომ მათი ფინანსური დახმარებები თითქმის სულ აგენტურის შექმნას ხმარდებაო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ძალიან დიდი უმადურობაა, რადგან ფინანსური დახმარებები, რომელიც საქართველოს დასავლეთისგან მიუღია ათჯერ და მეტად აღემატება მის ქველმოქმედებას.
ბიძინა ივანიშვილის სიტყვებში გაიჟღერა პირდაპირმა მუქარამ - კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის მისამართით. ისინი ყველას ვინც მათ აზრს არ ეთანხმება, „ნაცად“ ასაღებენ ანუ ხვალ მეც „ნაცი“ ვიქნები და თქვენც. ეს იყო მთელი საქართველოსადმი მუქარა.
ბიძინა ივანიშვილს გავახსენებ 2011 წელს, როდესაც ლონდონიდან ჩამოვედი და საკუთარი თავი შევთავაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. მაშინ გადავთარგმნე ჯორჯ ორუელის „ცხოველთა ფერმა“ და ამ წიგნის შესახებ მასთან პირადად მისაუბრია. წიგნის მალე გამოვაქვეყნებ და ვეცდები, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს... ის წიგნი დემოკრატიისთვის დაწერა ორუელმა და ეს ადამიანი <ბიძინა ივანიშვილი> „ცხოველთა ფერმას“ იყენებს ორკესტრირებისთვის და მანიპულირებისთვის.
ისიც უნდა ვთქვაა, რომ ამ კაცმა ბევრი კარგი საქმე გააკეთა და მადლობა, რომ ტირანიაში გადასული ხელისუფლების მოშორებაში ჩაგვიდგა სათავეში, გარკვეული ქველმოქმედებაც აქვს გაკეთებული, თანამედროვე საქართველოში ალბათ ყველაზე დიდი მასშტაბი, თუმცა ძველი პერიოდის ქველმოქმედებს არც შევადარებდი... მისი ხელმძღვანელობის თუ ზედამხედველობის პერიოდში საქართველომ გარკვეული მიმართულებებით წინ წაიწია, მაგრამ მგონია, რომ თავისი როლი გადაჭარბებულად ეჩვენება. ის ალბათ გარშემორტყმულია მეხოტბეებით და ქებას არის მიჩვეული. სახარებაში წერია, რომ ღმერთმა ყველა ადამიანი თანაბარი შექმნა - ნურავინ გავიღმერთებთ თავს და ნურც ნურავის გავაღმერთებთ“, - განაცხადა ნიკოლოზ შურღაიამ.
ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე საუბრისას, მან მოუწოდა ყოფილ პრემიერს და მის გარემოცვას, გამოაქვეყნონ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ფონდ „ქართუს“ მიერ გაწეული ქველმოქმედება.
„ბატონ ბიძინას და მის გარემოცვას ვთხოვ, გამოაქვეყნონ მისი ბოლო 3-4 წლის ქველმოქმედება და ვნახოთ, რამდენია, ასე რომ გვამადლიან სულ. მაინტერესებს და მერე მისი ქონება და ქველმოქმედების პროპორცია შევადაროთ საშუალო ამერიკელი მილიარდერის ქონებას, რომლიც ქვეყანას თავზე არ აზის და ბევრად მეტ გადასახადებს იხდის... მოკლედ, სანახაავია. მადლობა გაკეთებული სიკეთეებისთვის, მაგრამ ძროხამ იწველა, იწველა, წიხლი კრა და წააქციაო. ახლა წაქცევის პირას ვართ“, - ამბობს ნიკოლოზ შურღაია ბიძინა ივანიშვილზე.