მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ივანიშვილს არავინ ჰყავს, ვინც ეტყვის: „თქვენ ცდებით, ბატონო“ - რატომ უნდა გავიფიცოთ 15 იანვარს?

ნიკა შურღაია

ახალი არჩევნები და პროევროპულ აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება - ორი უცვლელი მოთხოვნით, 15 იანვარს, 15:00-დან 18:00 საათამდე „იფიცება საქართველო“.

ვინ უერთდება გაფიცვას? - კომპანიების/დამსაქმებლების სია

ხვალინდელი 3-საათიანი პროტესტის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა ფინანსისტმა, ბიზნესის მრჩეველმა ნიკოლოზ შურღაიამ, რომელიც გაფიცვის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

ნიკოლოზ შურღაიას არ აქვს ინფორმაცია, ზუსტად რამდენი კომპანია/დამსაქმებელი და შესაბამისად, დასაქმებული გაიფიცება, მაგრამ ამბობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში 40-ზე მეტი ბიზნესის ლიდერს თავად ესაუბრება 3-საათიანი გაფიცვის მნიშვნელობის შესახებ.

„როგორც მსახიობებმა არ იციან, ვინ მოვა სპექტაკლზე, ასე ვართ ჩვენც და ესეც საინტერესოა... ორი მსხვილი ბანკის მაგალითზე შეიძლება ვთქვათ, რომ ბიზნესის ლიდერები ეუბნებიან დასაქმებულებს, რომ ხელს არ შეუშლია აზრის გამოხატვაში. ვნახოთ, საზოგადოება რას ვიზამთ. ახლა გავდივართ კომფორტის ზონიდან და ახალ უნარ-ჩვევებს ვიძენთ“, - აღნიშნა ნიკოლოზ შურღაიამ.

მისივე თქმით, ხვალინდელი გაფიცვა არის არის ნებისყოფის აქტი და მსხვერპლი, რომელიც საზოგადოებამ უნდა გავიღოთ დღეს, რათა ხვალ უკეთესი მომავალი გვქონდეს.

„ზოგადად, წესრიგის მოყვარული ადამიანი ვარ, მაგრამ დღეს, ანომალიურ ვითარებაში გვიწევს ცხოვრება, როცა ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა ქვეყნის ხელისუფლება. იმის მაგივრად, რომ ქვეყანას არგოს, იზრუნოს ადამიანების კეთილდღეობაზე, თვითონ აგროვებს ფულს და ქვეყანას იფარებს ფარად. იმის მაგივრად რომ ახალგაზრდებზე იზრუნოს, ის ახალგაზრდებს აპატიმრებს. შესაბამისად, ეს მოცემულობა უნდა შევცვალოთ - როგორმე უნდა შევასმინოთ ჩვენი ხმა.

გაფიცვა არის პროტესტის მშვიდობიანი ფორმა. ამ გზით ჩვენ ვაჩვენებთ, რომ სტატუს-კვო არის ცუდი და გვჭირდება ცვლილებები. ბიძინა ივანიშვილს და მის ვიწრო გარემოცვას ეშინია ხალხის ერთიანობის, რომელიც უნდა ვაჩვენოთ ხვალ, 15:00 საათზე“, - განაცხადა ნიკა შურღაიამ.

ფინანსისტის შეფასებით, პოლიტიკური კრიზისის გამო, საქართველოს ეკონომიკა „სერიოზულ დაღმართშია“ და ვიდრე პრობლემები კიდევ უფრო დიდ მასშტაბს შეიძენს, ბიზნესის მრჩეველი დამსაქმებლებს ურჩევს, დღეს „გაიღონ მცირე მსხვერპლი“.

„მკაფიოდ ვხედავ, რომ თუ ჩვენ არ ვისწავლით მცირე მსხვერპლის გაღებას, ბევრად მეტის გაღება მოგვიწევს ხვალ. როგორც რუსეთი არ შეაჩერეს 2008 წელს საქართველოში შემოჭრის გამო, შემდეგ 2024 წელს - უკრაინაში შეჭრის გამო და შედეგად, ურჩხული გაიზარდა და ახლა ვხედავთ, რას შვრება, ასევე, ჩვენ ადრე უნდა შეგვეჩერებინა ბიძინა ივანიშვილი. მისი ეგო გაიზარდა, გაიბერა და ამდენი წელია, ყველაფერზე თავს უკრავენ, აქებენ და როგორი ძნელია მისთვის, მოისმინოს განსხვავებული აზრი. ჩემი აზრით, მას ეს უნარი დაკარგული აქვს და არც არავინ დარჩა ირგვლივ, ვინც ეტყვის: „თქვენ ცდებით ბატონო“. ამიტომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ნებისყოფის ჩვენება და ახლა თუ არ შევაჩერებთ, შემდეგი პერიოდი კიდევ უფრო მძიმე იქნება... ბიძინა ივანიშვილი გვყოფს, რუსთაველი გვაერთიანებს“, - განაცხადა ნიკა შურღაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები